ახალი ამბები
ოკუპირებულ გალში ენგურის ხიდზე გადმოსვლის მსურველ სტუდენტებს გამოკითხვებს უტარებენ
ოკუპირებულ გალში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში მისულ სტუდენტებს, რომლებიც საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სწავლობენ, გამოკითხვებს უტარებენ. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ერთ-ერთმა სტუდენტმა უთხრა. მისი თქმით, სტუდენტები უწყებაში ე.წ. საზღვარზე გადასვლის ნებართვის თხოვნით მიდიან, თუმცა, ამ დრომდე, უშედეგოდ. ადგილზე მისულებს კი, სამართალდამცავები კითხვებს მათი სამომავლო გეგმების შესახებ  უსვამენ.

„დაკითხვა იყო თუ გასაუბრება, ვერ გავიგე. სანამ შევიდოდი, მითხრეს რომ სულ ერთი წუთით გამესაუბრებოდნენ, მაგრამ გასაუბრებას სულაც არ ჰგავდა. თითქოს, აინტერესებდათ ჩემი სამომავლო გეგმები, დავბრუნდებოდი თუ არა ისევ აფხაზეთში სწავლის დამთავრების შემდეგ. ასევე, დიდ ყურადღებას ამახვილებდნენ იმაზე, თუ რატომ ვსწავლობ თბილისში და არა სოხუმში. ამაზე პასუხი კი მარტივად გავეცი. ვუთხარი, რომ თბილისში პირობები უკეთესია, არ მაქვს არანაირი შიშის გრძნობა და თავი სახლში მგონია და არა ტყვეობაში. ასევე მკითხეს, ჩავაბარე თუ არა ახალი პასპორტის აღებისთვის საბუთები, როდის ჩავაბარე, თბილისში სად ვსწავლობ, სად ვცხოვრობ. მკითხეს, სად არიან და რას საქმიანობენ ჩემი მშობლები. მართალია, ზეწოლა არ მიგრძვნია, მაგრამ ეს გასაუბრებაზე მეტად დაკითხვას ჰგავდა“, - გვითხრა სტუდენტმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

გარდა ამისა, მისი ინფორმაციით, აფხაზური მხარე ყველაფერს აკეთებს, რომ მოსახლეობას „ბინადრობის უფლების“, მანამდე კი შესაბამისი ცნობის აღება აიძულოს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ უსაფრთხოების სამსახურმა შეზღუდვები 10 იანვარს, ორი თვით, დააწესა. ამის მიზეზად საქართველოს ტერიტორიაზე არასახარბიელო ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასახელდა. ენგურის ხიდზე გადმოსვლას ამ დროისთვის მხოლოდ ენერგეტიკოსები და ის ადამიანები ახერხებენ, ვისაც ექიმის ცნობა აქვს. გარდა ამისა, რამდენიმე რესპოდენტმა გვითხრა, რომ ე.წ. საზღვარზე გარკვეული თანხის სანაცვლოდაც გადმოდიან.

ამავე თემაზე:

თემურ ნადარაია გალელების მოთხოვნაზე: საქართველოსთან ორმაგ მოქალაქეობას არ დავუშვებთ
Print