ახალი ამბები
პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელებისთვის დაკავებულთაგან ერთ-ერთი, სავარუდოდ, ზუგდიდელია
ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით დაკავებული 16 პირიდან, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ზუგდიდის სოფელ ინგირის მკვიდრი გიორგი ფარცვანიაა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ მისმა ოჯახის წევრებმა განუცხადეს. მამის ჰამლეტ ფარცვანის ინფორმაციით, ის წუხელ თბილისში ლუკა ჩხეტიას მხარდამჭერ აქციაზე დააკავეს. მამა შვილის დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უწოდებს და ამბობს, რომ ფარულ კადრებთან მას არანაირი შეხება არ ჰქონდა.

„ჩემი ოჯახი არის ნაციონალების მხარდამჭერი. სწორედ ამიტომ მოხდა ჩემი შვილის დაკავება. არაერთხელ ყოფილა ზეწოლა ჩვენზე, ვერაფერი რომ ვერ გვიქნეს ბავშვი დაიჭირეს. თბილისში ლუკა ჩხეტიას მხარდასაჭერად იყო წასული აქციაზე და იქ დაიჭირეს. თვითონ სუს-ი აგზავნის ვიდეოებს, ჩემთანაც იყო გამოგზავნილი, მაგრამ ვირუსი მეგონა და წავშალე. ამას აკეთებენ თვითონ. წუხელ დამირეკეს ღამის სამ საათზე“, - ამბობს ჰამლეტ ფარცვანია.

შსს ინფორმაციით, ვიდეოჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაკავებულია 16 პირი. სხვა დეტალებზე უწყებაში არ საუბრობენ.

დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსხველი კადრები რამდენიმე დღის წინ  გავრცელდა.


Print