ახალი ამბები
თენგიზ ჯგუშია: ზუგდიდის მერობის მსურველებს მოვუწოდებ, ნუ მიიღებენ „ქართული ოცნების“ შემოთავაზებას (ვიდეო)
მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ ლიდერი თენგიზ ჯგუშია ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის მსურველ კანდიდატებს მოუწოდებს, რომ „ქართული ოცნების“ შემოთავაზება არ მიიღონ. ჯგუშიას თქმით, მმართველი პარტიის სახელით არჩევნებში მონაწილეობა ზუგდიდის ღალატი იქნება.



„მე არ მინდა ზუგდიდის მერობა და არც არასდროს მდომებია, თუმცა თუ „ქართული ოცნება“  თავის კანდიდატს წარადგენს მეც ვიყრი კენჭს. მე მაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიმდინარეობს მმართველ პარტიაში მერობის კანდიდატების შერჩევა. ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ზუგდიდელები, რომელთა ლოზუნგიც იყო თვითმმართველობა ხალხს, მინდა გავაფრთხილო, რომ არამც და არამც არ ჩასხდნენ ხელმწიფის ნავში. ეს იქნება ზუგდიდის ღალატი. გინდათ ზუგდიდის გადარჩენა მაშინ არ ჩაჯდეთ იმ ხელმწიფის ნავში, რომელმაც დააქცია ქალაქი“, - ამბობს ჯგუშია.

თენგიზ ჯგუშია ზუგდიდის მერობის შემთხვევაში ზუგდიდში სახელმწიფო ბალანსზე არსებული ძვირადღირებული მანქანების გაყიდვას გეგმავს. მისი თქმით, გაყიდული ტრანსპორტიდან შემოსულ თანხას სოციალურად დაუცველებს მოახმარს.

„იმ შემთხვევაში თუ „ქართული ოცნება“ წარადგენს კანდიდატს, კენჭს ვიყრი. ჩემი მერობის შემთხვევაში გავყიდი  ბიუჯეტზე არსებულ ათობით ჯიპს, ხალხის თვალწინ. რა მანქანაშიც ჩაჯდება თენგო ჯგუშია - ამასაც ხალხი აარჩევს. ზუგდიდის მერი უნდა დადიოდეს ავტობუსით“, - თქვა ჯგუშიამ.

ზუგდიდში მერის რიგგარეშე არჩევნები მაისში მას შემდეგ დაინიშნა, რაც ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობა დატოვა. მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება.







Print