ახალი ამბები
დეპუტატი ყოფილი კინოთეატრის გვერდით არსებული მიწის საკითხის შესწავლას ითხოვს
ზუგდიდის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ბათლომე შელია ყოფილი კინოთეატრის შენობის გვერდით შემოღობილი ფართის საკითხის შესწავლას მოითხოვს. ამის შესახებ მან საკრებულოს სხდომაზე განაცხადა. შელიას თქმით, თუ საუბარია წესრიგზე გარემოვაჭრეების შემთხვევაში, ყურადღება ასევე უნდა მიექცეს აღნიშნულ ტერიტორიას, რადგან, მისივე თქმით, ეს ხელისუფლების ქალაქის იესახეზე ზრუნვის სახეა. შელია ამბობს, რომ ტერიტორია მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და არა რომელიმე კერძო პირის. დეპუტატი ხელისუფლებას აღნიშნულ საკითხზე რეაგირებისა და შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

alt

„კინოთეატრის გვერდით საფეხმავლო გასასვლელით თაობებია გაზრდილი. ის ჩვენი ქალაქის ისტორიის ნაწილია. ვერასოდეს ვერავინ დაიკანონებს ამ ტერიტორიას, რამდენიც არ უნდა ეცადონ მის თვითნებურად შემოკავებას, შემდეგ დაკანონების მიზნით, აზრი არ აქვს“, - აღნიშნა შელიამ.

თავის მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ბესიკ ჭეჟიამ თქვა, რომ მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა საკითხით დაინტერესება კომისიის სხდომაზე ითხოვა, აღნიშნული მიწის საკითხით დაინტერესდნენ და მოკვლევა დაიწყეს.

Print