ახალი ამბები
სასამართლომ ლაშა გოგია და გია გულორდავა პატიმრობაში დატოვა
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ზუგდიდის მერი ლაშა გოგია, ვიცე-მერი გია გულორდავა და მათთან ერთად დაკავებული კიდევ ორი პირი, თენგიზ ქობალია და ხუტა ბაღათურია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სხდომაზე ადვოკატები მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის პირველ ნახევარში, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, რომლებიც იმ პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და ვიცე-მერის თანამდებობებს იკავებდნენ, ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 21 500 აშშ დოლარი. შეთანხმების მიხედვით, 11 500 აშშ დოლარი განკუთვნილი იყო გულუას ბაღის იჯარით გადაცემისთვის, ხოლო 10 000 აშშ დოლარი - რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის იჯარით გადაცემისთვის. 2018 წლის მაისში იმავე მოქალაქემ 10 000 აშშ დოლარი პირადად გადასცა გია გულორდავას, ხოლო 11 500 აშშ დოლარი მათთვის გადასაცემად 2018 წლის 7 ივნისს ჩარიცხა გია გულორდავას მიერ მითითებული პიროვნების ხ.ბ-ს სახელზე, საბანკო გზავნილის სახით, რასაც საბოლოოდ დაეუფლნენ გია გულორდავა და ლაშა გოგია. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით საკუთარ კაბინეტში აიყვანეს ზუგდიდის მერიის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი თენგო ქობალია.



ამავე თემაზე: 

ადვოკატი ლაშა გოგიასთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს
Print