რეგიონი
გერმანიის და ნიდერლანდების განვითარების ბანკებმა ანაკლიის პორტის კაპიტალი სრულად შეავსეს
გერმანიის განვითარების ბანკმა (DEG) და ნიდერლანდების განვითარების ბანკმა (FMO) ანაკლიის პორტში ინვესტირების გადაწყვეტილება მიიღეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა“ და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ოფიციალურ დოკუმენტს ხელი უკვე მოეწერა. ამის შესახებ რადიო "ათინათს" კონსორციუმიდან აცნობეს. მათივე ცნობით, პორტის პირველი ფაზის საინვესტიციო კაპიტალი 600 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. შეთანხმების თანახმად, DEG და FMO -ს წარმომადგენლები „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები გახდებიან.

„დღეს ჩვენ კიდევ ერთ, ძალიან მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწიეთ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ასეთი ძლიერი ბანკების შემოსვლა ანაკლიის კონსორციუმში. ორივე მათგანი ევროპის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია. მათი მონაწილეობა კიდევ უფრო სწრაფად განავითარებს ანაკლიის პროექტს და ორი დიდი სახელმწიფოს - გერმანიისა და ნიდერლანდების მიერ ჩვენი ქვეყნისადმი მეტ მხარდაჭერას განაპირობებს“ , - აღნიშნა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.

საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა დაასრულეს ანაკლიის პორტის პროექტის დეტალური შესწავლის პროცესი. გამოიკვეთა საკითხები, რომელთა საბოლოო შეჯერება 8 თებერვალს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, მთავრობასა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის ერთობლივ შეხვედრაზე მოხდება და ამის შემდეგ პროექტის პროექტი ფინანსურად დაიხურება.

ამავე თემაზე:

ევროკომისია: ანაკლიის პორტი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში პრიორიტეტული პროექტია
Print