ახალი ამბები
როგორ ვებრძოლოთ რუსულ პროპაგანდას - შეხვედრა ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდის მერიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მერებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და საზოგადოების სხვა წევრებს რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდებისა და დასავლეთთან ინტეგრაციის სიკეთეების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდაზე ესაუბრნენ.
alt
შეხვედრას ექსპერტი, ფოთის მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი უძღვებოდა, რომელმაც განმარტა, რომ ყოველდღიურ რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა არა ანტიპროპაგანდით, არამედ სწორი ინფორმაციის გავრცელებით არის მიზანშეწონილი.

„ყოველდღიურად სოციალურის ქსელის თუ სხვა საშუალებებით რუსული იმპერიალისტური მანქანა ავრცელებს მითებს ევროკავშირთან და ნატოსთან მიმართებით, რომელიც მორგებულია ჩვენს ისტორიაზე, ტრადიციებზე, ამას სწორედ რომ ინფორმირებული არჩევანი უნდა დავუპირისპიროთ იმ სიკეთეების შესახებ, რომელსაც ევროკავშირი გვაძლევს და გვეხმარება ვიყოთ თვითმყოფადები, ისევე, როგორც ნატო არის მუდმივი ერთიანობისა და უსაფრთხოების გარანტი, მხარდამჭერი. ამიტომაც აუცილებელია, რომ პირდაპირი კომუნიკაცია გვქონდეს ადამიანებთან, რომ შეძლონ ამ მითებთან გამკლავება და არ გახდნენ მცდარი ინფორმაციის მსხვერპლი“, - აღნიშნა ფარეშიშვილმა.
alt
შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და რუსეთის, როგორც ქართული სახელმწიფოს მტრის ქმედებებს შესაბამისი შეფასება უნდა მიეცეს.

აბაშის მერმა ლევან მაკალათიამ განმარტა, რომ მუნიციპალიტეტს თვალსაჩინო მაგალითები აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რა სარგებელს ხედავს კონკრეტულად აბაშა დასავლეთისგან.

„ადგილობრივ ხელისუფლება გვაქვს ხელჩასაჭიდი მაგალითები იმისა, თუ რა სიკეთეები მოაქვს ევროპას. თითოეული სიკეთე არის ამ ხალხთან მისული და აუცილებელია, რომ ავუხსნათ, რა სარგებელი მოაქვს ევროპას, რომ არის ჩვენი ისტორიული არჩევანი და ამ მიმართულებით ჩვენ ინტენსიურ რეჟიმში განვაგრძობთ მუშაობას“, - თქვა მაკალათიამ.
alt
შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა და დამსწრეებმა ცენტრის წარმომადგენლის ანა ცანავას პრეზენტაციას მოუსმინეს. ცანავამ მათ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ისთვის „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი“ გაცემული ნახევარი მილიონი აშშ დოლარის დახმარების ფარგლებში დაგეგმილი პროექტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
alt
„ეს არის პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ ანტი-დასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობის მედეგობის გაძლიერებისა და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით მიიღო. მოგეხსენებათ, რამდენად ძლიერია რუსული პროპაგანდა, რომ შექმნას ნიჰილისტური განწყობები და შეაფერხოს დასავლური ინტეგრაციას. ამიტომაც მნიშვნელოვანია ადამიანებს ჰქონდეთ უტყუარი ინფორმაცია“, - განმარტმა ცანავამ.

პროექტის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, დაგეგმილია 60-მდე შეხვედრა.


Print