ახალი ამბები
ბაჩანა შენგელია მინისტრს: ბატონო მიხეილ, თქვენ დედა გყავთ?
საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე, რომელზეც პარლამენტის წევრები კითხვებს განათლების მინისტრს ია კერზაიას საქმეზე უსვამდნენ, ზუგდიდის მეექვსე სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილი ბაჩანა შენგელიაც იმყოფებოდა.

მან სხდომაზე თქვა, რომ დედამისი მორალური ტერორის მსხვერპლი აღმოჩნდა და სწორედ ეს ვერ გადაიტანა.

შენგელიამ აღნიშნა, რომ მას ჰქონდა იმედი, მინისტრი აღიარებდა, რომ მისმა მოხელეებმა კანონი დაარღვიეს და ფაქტს გამოიკვლევდა. მან კიდევ ერთხელ გააჟღერა, რომ პროკურატურისგან ამ საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.

„მან პირადად აიღო ყველაფერზე პასუხისმგებლობა. შესაბამისად, ჩემთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი. ანუ მთელ ამ პროცესზე ის ამბობს, რომ არის სამართლებრივი პროცესი. მე მიმაჩნია, რომ იას მოუწყვეს მორალური სასამართლო და ის შემოწმების აქტი მისთვის ზუსტად რომ მორალური სასჯელი იყო. ის სასჯელი, რომელიც ვერ გადაიტანა...გთხოვთ ყველა დეპუტატს, დავიწყოთ გამოძიება, ვთხოვ მინისტრს, რომ მან ამ ორ დანაშაულზე პლუს მორალური პასუხისმგებლობაც აიღოს და კარგად დაფიქრდეს იმაზე, რაც დღეს თქვა...იმას ნუ დაგვამადლით, ერთი კვირა კომაში რომ იყო ადამიანი და კომიდან რომ არ გაათავისუფლეთ, ეს არის ძალიან მძიმე მორალური პასუხისმგებლობა, ძალან მკაფიო სამართლებრივი კაზუსი და დილემა თქვენი, რომ დაიწყოთ გამოძიება. ყველას, ვინც მორალზე საუბრობთ, მინდა გთხოვოთ, წარმოიდგინოთ ჩემს ადგილზე თავი - ბატონო მიხეილ, თქვენ დედა გყავთ?“, - მიმართა შენგელიამ მიხეილ ბატიაშვილს.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის გარდაცვალებაში განათლების სამინისტროს ადანაშაულებს და შესაბამის ორგანოებს გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს.

ამასთან, ბაჩანა შენგელიას მტკიცებით, ანონიმური წერილის ავტორი, რომლის საფუძველზეც სკოლაში ინსპექტირების ჯგუფი შევიდა, რეალურად არ არსებობს.

ია კერზაია 9 დეკემბერს დილით ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა. ის საავადმყოფოში ინსულტის დიაგნოზით მოათავსეს. ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა, რომელსაც, მისი მტკიცებით, კერზაია ხელისუფლებისგან განიცდიდა.

განათლების სამინისტროში განაცხადეს, რომ საკითხის პოლიტიზირება ხდება, რაც, კატეგორიულად მიუღებელია. ამასთან, უწყებაში განმარტეს, რომ სამინისტროს შესაბამისი სამსახური რეგულარულად აწარმოებს და მომავალშიც განაგრძობს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების შესწავლას, რაც საარჩევნო პროცესშიც არ შეჩერებულა.

ამაზე თემაზე:

მინისტრი კერზაიას საქმეზე: ჩვენი ვალდებულებაა არა პიროვნების, არამედ ფაქტის გადამოწმება
Print