ახალი ამბები
ზუგდიდში ევროპარლამენტის მოდელირების სხდომა გაიმართა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობაში ევროპარლამენტის მოდელირებული სხდომა გაიმართა, რომელშიც, რეგიონის მასშტაბით, ნიჭიერმა და წარმატებულმა ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები- ნინო ვიბლიანი და მალხაზ თორია დაესწრნენ.

„თქვენ ხართ თაობა, რომელიც ააშენებს ქართულ და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ქვეყანას. ჩვენ ყოველთვის ვიყავით ევროპის ნაწილი და დღეს ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ევროპასთან მჭიდრო დაახლოებისთვის. მახარებს რომ თქვენ ახალგაზრდები ასე უახლოვდებით ევროპულ ღირებულებებს. თქვენ ამ სივრცეში გაეცნობით ევროპარლამენტში მუშაობის სტრუქტურას, გაიუმჯობესებთ ლიდერის უნარებს, კრიტიკულ და ანალიტიკურ აზროვნებას, საჯარო გამოსვლების და დებატების ხელოვნებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ იმუშავებთ მოდელირებულ კომიტეტებში, რომელსაც კონკრეტული მიმართულება ექნება ადამიანის უფლებათა დაცვის, გენდერული თანასწორობის, თავდაცვის, უსაფრთხოების და საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით” - განაცხადა შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლის დროს ნინო ვიბლიანმა.

პროექტის ფარგლებში საუკეთესო დელეგატები სტრასბურგში, ევროპარლამენტში გაემგზავრებიან და სხვადასხვა პრიზებს მიიღებენ.



Print