რეგიონი
იგორ ჯოპუა: სოხუმში 9 თვის გოგონას გარდაცვალება H1N1 -ს არ უკავშირდება
სოხუმში 9 თვის ჩვილის გარდაცვალება არ არის დაკავშირებული H1N1 ვირუსის გრიპთან, ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა იგორ ჯოპუამ „აფხაზია ინფორმს“ განუცხადა.

,,ეს ტრაგედია გასულ კვირას მოხდა. ბავშვი რესპუბლიკურ საავადმყოფოში შემოიყვანეს მძიმე დიაგნოზით: „პოლიორგანული უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, მწვავე ბაქტერიული სეპტიკური შოკი, ორმხრივი პნევმონია და II ხარისხის კომა“, - უთხრა გამოცემას აფხაზმა მედიკოსმა. მისი თქმით, შემოყვანისთანავე ბავშვს გრიპის ვირუსის გამოსავლენად ექსპრეს - ტესტები ჩაუტარდა, თუმცა პასუხი უარყოფითი იყო.

„გოგონას არ ჰქონდა გრიპი“, - დააზუსტა ჯოპუამ.

ხუთშაბათს „ფეისბუკის“ ერთ - ერთ ჯგუფში - „აფხაზეთის პატრიოტები“ გავრცელდა ბავშვის ფოტო, რომელსაც ერთვოდა ინფორმაცია მისი ე.წ. ღორის გრიპისგან დაღუპვის შესახებ. ტრაგიკულ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა მომხმარებლებში, რომლებიც ოჯახს უსამძიმრებდნენ და შეშფოთებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებამ ბაღებსა და სკოლებში კარანტინი არ შემოიღო.
Print