ახალი ამბები
დეპუტატების შენიშვნები და რეკომენდაციები „ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრს“
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრებმა დღეს მერიის ააიპ „ხელოვნებისა და კულტურის განვითარების“ ცენტრის ხელმძღვანელს მანუჩარ სამუშიას მოუსმინეს. დეპუტატებს ააიპ-ისთან რამდენიმე შენიშვნა და რეკომენდაცია ჰქონდათ.

ერთი-ერთი მათგანი ააიპ-ის საშტატო ნუსხასა და ბიუჯეტიდან ხელფასებისთვის გათვალისწინებულ ხარჯებს ეხებოდა.

როგორც სამუშიამ აღნიშნა, ააიპ-ის 200 თანამშრომლიდან 38 ადმინისტრაციაში მუშაობს. თავად კი სამი მოადგილე ჰყავს. ამასთან, ააიპ-ის ბიუჯეტი სულ 960 ათასი ლარია, საიდანაც 930 ათასზე მეტი სწორედ ხელფასზე იხარჯება.

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბათლომე შელიამ სამუშიას უთხრა, რომ ააიპ-ში შტატები გაბერილია და მას სამი მოადგილე არაფერში სჭირდება. მისი რეკომენდაციით, საჭიროა შემუშავდეს ახალი ხედვა, რომ ხელოვნებისა და განვითარების ცენტრი მუდმივად ერთ, „გაყინულ“ მდგომარეობაში არ იყოს.

alt

„ადმინისტრაციული შტატები არის ძალიან გაბერილი. თავად ხელმძღვანელის შემართება მომწონს, აშკარად ეტყობა, რომ უნდა განვითარებისკენ წასვლა, მაგრამ ჰქონდა, იგივე მერიისგან, შემაფერხებელი ფაქტორები. ჩემი რეკომენდაციაც ამას შეეხება, რომ არანაირი წინსვლა არ არის და საჭიროა ახალი ხედვის შემოტანა“, - აღნიშნა შელიამ.

მის საპასუხოდ მანუჩარ სამუშიამ განმარტა, რომ ყველა თანამშრომელს საკუთარი ფუნქცია აქვს და შტატების შემცირებას არ ეთანხმება. რაც შეეხება საბიუჯეტო სახსრებს, ამბობს, რომ ღონისძიებების ნაწილს მერიის კულტურის სამსახური დააფინანსებს.

alt

„გლობალური ღონისძიებები, შესაძლოა, შემოსავლებიდანაც დავაფინანსოთ. შტატებზე კი შემიძლია გითხრა, რომ ამ ეტაპზე კატასტროფული სიტუაცია არ არის. ყველა თანამშრომელი ასრულებს ფუნქციას, უფრო ყურადღებას თანხების მოძიებაზე გავამახვილებდი, რომ სრულყოფილად შევძლოთ მუშაობა“, - თქვა სამუშიამ.

კონკრეტული რეკომენდაციები ჰქონდა ააიპ-ის დირექტორთან სანდრო სორდიას. უმრავლესობის წევრმა სამუშიას შესთავაზა, რომ კარგი იქნება, თუკი ააიპ-ი სხვადასხვა მიმართულებით იმუშავებს, მაგალითად, გააკეთებს ქუჩის მუსიკოსების ფესტივალს, ან პერიოდულად გამართავს დისკუსიებს მწერლებთან. ამასთან, სორდიამ მათ ამ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციასთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა შესთავაზა.

მას ასევე შენიშვნა ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ აქვს ერთსა და იმავე ფუნქციის მქონე რამდენიმე თანამშრომელს განსხვავებული ხელფასი. ამაზე სამუშიამ უპასუხა, რომ ამ შემთხვევაში განსხვავება არის იმაში, რომ მათი ნაწილი უფროსი სპეციალისტია.

alt

„ვიმსჯელეთ, როგორ უნდა გავხადოთ ააიპ-ის საქმიანობა უფრო ეფექტიანი. ოპტიმიზაცია არ გულისხმობს შემცირებას, შესაძლებელია, რომ იყოს სტრუქტურული გადანაწილება ისე, რომ მივიღოთ გაცილებით ეფექტური შედეგი. შედგება ოქმი, რომელსაც გავაანალიზებთ და გავცემთ შესაბამის რეკომენდაციებს“, - განმარტა სორდიამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მერიის ააიპ-ების შემსწავლელი ჯგუფი გასული წლის ბოლოს შეიქმნა. საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას ინფორმაციით, ეს იქნება სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანი ააიპ-ების სტრუქტურული ოპტიმიზაციაა.

ამავე თემაზე:

მერია ზუგდიდის სოფლებში მდებარე მუზეუმების მუნიციპალიტეტისთვის გადაცემას ითხოვს

დეპუტატი ააიპ-ის ხელმძღვანელს: მახინჯ სტრუქტურაში არაფერი შეცვლილა
Print