რეგიონი
აფხაზთა მემორიალის გვერდით კილმანროკის პარკში საინფორმაციო დაფა განათავსეს
შოტლანდიური ისტ–ერშირის საბჭომ დედაქალაქ კილმანროკის პარკში აფხაზთა მემორიალის გვერდით საინფორმაციო დაფა განათავსა. ისტ–ერშირის საბჭოს მმართველმა ოფიცერმა დევიდ მიტჩელმა განაცხადა, რომ „ყველა მხარესთან შეთანხმებით საბჭომ მემორიალი მასზე დატანილი სიტყვათა წყობის ყოველგვარი ცვლილებების გარეშე პირვანდელ ადგილზე აღადგინა და მის გვერდით საინფორმაციო დაფა განათავსა“, - წერს „აქცენტი“.

ამავე ცნობით, საინფორმაციო დაფაზე შემდეგი წარწერაა დატანილი:

„ეს მემორიალი აღიმართა კილმანროკისა და ლაუდაუნის რეგიონის საბჭოს მიერ, იმ პირთა ხსოვნის პატივსაცემად , რომლებიც 1992-93 წლებში კავკასიაში მომხდარ ომს ემსხვერპლნენ. რეგიონში გადაუჭრელი კონფლიქტები დღემდე არსებობს.

მიტჩელის განცხადებით, კილმანროკი სოხუმს ჯერ კიდევ ომამდე დაუმეგობრდა.

„2017 წელს მემორიალი დავის საგანი გახდა რიგი ადამიანებისთვის, რომლებიც კონფლიქტით და ომის შედეგებით დაზარალდნენ. მემორიალი შეიცავს სიმბოლოებს და სიტყვათა ისეთ წყობას, რომელიც არ ასახავს რომელიმე მხარის ხედვებს. ის არ ასახავს პოლიტიკურ განცხადებას. მემორიალი დგას აქ ყველა იმ ადამიანის ხსოვნის პატივსაცემად, რომლებიც ომს ემსხვერპლნენ, მოველით იმ დროს, როდესაც მხარეები კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად ურთიერთშეთანხმებულ კურსს იპოვიან“, - აღნიშნა მან.

მემორიალი კილმანროკში 90-იანი წლებიდან დგას. მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ ამ ძეგლის არსებობის შესახებ 2017 წლის ნოემბერში შეიტყო.

ქართულმა მხარემ აღნიშნული მემორიალის დემონტაჟის საკითხი იმავე წლის ნოემბერში დააყენა. შოტლანდიის მთავრობასთან გამართულ კონსულტაციებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ბერუჩაშვილი პირადად მონაწილეობდა. მემორიალის დემონტაჟი 10 ნოემბერს მოხდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას თქმით, მათ არ მოუთხოვიათ მემორიალის დემონტაჟი. საგარეო უწყებამ მხოლოდ მიუთითა ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ ეს მემორიალი პოლიტიზირებულ სიმბოლიკას შეიცავს, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღიარების პოლიტიკას, რომელსაც დიდი ბრიტანეთი ჩვენი ქვეყნის მიმართ ატარებს.

მემორიალის აღებას აფხაზური მხარის ნეგატიური რეაქცია მოჰყვა. დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ მიმართვაში ქართული მხარის ნაბიჯები შეფასდა „როგორც ვანდალიზმის აქტის ხელშეწყობა და თანამედროვე ისტორიის ობიექტური ფაქტების ფალსიფიცირების მცდელობა.
Print