რეგიონი
სოხუმი: მოზარდებში „ღორის გრიპით“ დაავადების შემთხვევებმა იმატა
აფხაზეთში 14 წლამდე ასაკის მოზარდებში H1N1 გრიპის ვირუსით დაავადების რვა შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის განათლების მინისტრმა ადგურ კაკობამ ადგილობრივ მედიას განუცხადა. 

„ჩვენ მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს თხოვნით, რომ შეემოწმებინათ ყველა ბავშვი იმ კლასებში, სადაც ვირუსი გამოვლინდა და ერთი კვირიდან ათ დღემდე კარანტინი შემოეღოთ, არ ვიცი, რას იზამენ უწყებაში, იმედია, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ“, - დასძინა მან.

ამასთან, აფხაზი სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ყველა სკოლაში კარანტინის შემოღების აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა, სამინისტროს არ სურს, რომ მშობლებმა ბავშვები დაინფიცირების შიშით სახლში დატოვონ და სკოლაში არ გაუშვან.

„თუ გასულ კვირას გაკვეთილებს მოსწავლეების 30-40% აცდენდა, ახლა მათი რაოდენობა ორჯერ ნაკლებია“, - თქვა ადგურ კოკობამ.

მისივე ცნობით, მანამდე, კარანტინი გამოცხადდა კერძო სკოლა „ალფაში“, აგუძერის საბავშვო ბაღსა და მერხეულის სკოლის დაწყებით კლასებში. კოკობას აზრით, მიუხედავად იმისა, რომ კარანტინი, მხოლოდ მაშინ ცხადდება, როდესაც ვირუსის გამოვლენის ფაქტები 20% აჭარბებს, აუცილებელია თავის დაზღვევა.

მინისტრის განცხადებით სოხუმში უკვე ერთი კვირაა საკლასო ოთახების და სკოლის შენობების დეზინფიცირება მიმდინარეობს. ეს სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება, ასეთი პროფილაქტიკა არც თუ ისე ეფექტურია.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ უსაფრთხოების სამსახურმა ადმინისტრაციულ საზღვარზე შეზღუდვები 10 იანვარს, ორი თვით, დააწესა. ამის მიზეზად საქართველოს ტერიტორიაზე არასახარბიელო ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასახელდა. ენგურის ხიდზე მიმოსვლა 5 თებერვალს აღდგა.
Print