ახალი ამბები
სამეგრელოში დოკუმენტების გაყალბებისთვის ერთი პირი პასუხისგებაში მიეცა
ყალბი დოკუმენტების გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცეს. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, 2018 წელს, დანაშაულში მხილებულმა პირმა გაიმარჯვა სახელმწიფო ტენდერში, რომლის საფუძველზეც სამეგრელოს რეგიონის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებებისათვის ჯამში 200 მ3 შეშა უნდა მიეწოდებინა, თუმცა ბრალდებულმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქონლის მიღება-ჩაბარების აქტებში გააყალბა რეალურად მიწოდებული შეშის მოცულობა.

„ფაქტობრივად გადაცემული 74 მ3 შეშის ნაცვლად, ანაზღაურება მოითხოვა და მიიღო შეშის სრულ - 200 მ3 მოცულობაზე. ამ გზით, ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ 7 768 ლარს“, - აცხადებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე, 210-ე მუხლის პირველი და 362-ე მუხლის მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით.
Print