რეგიონი
„აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია“: მოქვის ტაძარი სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს
ოჩამჩირის რაიონის სოფელ მოქვში მდებარე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი სასაწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს. ამის შესახებ "აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის“ წარმომედგენლებმა განაცხადეს, წერს „აბხაზია ინფორმი“.

მათი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 4 თებერვალს ტაძრის დათავლიერების შედეგად გამოვლინდა, რომ „აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის მარგალიტად მიჩნეული ნაგებობა ავარიულ მდგომარეობაშია. კერძოდ, დაზიანებულია გუმბათის როტონდის სახურავის ნაწილი, დარღვეულია ცენტრალური აფსიდის ქვის კედლის მთლიანობა (ჩრდილო - აღმოსავლეთით), ასევე ჩამონგრეულია წყალამრიდები, ფანჯრის ჩარჩოები, ტაძრის კედლებზე მოდებულია ხავსი და ობი, როგორც შიგნით, ასევე გარედან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

"აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია“ მოუწოდებს საზოგადოებას და კომპეტენტურ ორგანოებს შეისწავლონ მოქვის ტაძრის სავალალო მდგომარეობა და შეიმუშაონ კომპლექსური ღონისძიებები ისტორიულ - კულტურული ძეგლის გადასარჩენად.

ქართული ისტორიული წყაროების ცნობით, მოქვის ტაძარი აფხაზთა მეფე ლეონ III-მ (957-967 წწ.)ააშენა. იგი წარმოადგენს ჯვარ-გუმბათოვან ნაგებობას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ლიტერატურულ-საგანმანათლებლო კერა იყო, სადაც მიმდინარეობდა ხელნაწერთა გამრავლება, ძველი ნუსხების განახლება. დღემდე მოღწეულია მოქვის წიგნთსაცავის ხელნაწერები, რომლებიც გვამცნობენ მოქველ მოღვაწეთა სახელებს. მოქვის სიძველეებიდან განსაკუთრებით მაღალი ღირებულება აქვს მოქვის ოთხთავს.

Print