რეგიონი
არა ოკუპაციას - ზუგდიდელი ოსტატი ნაკეთობებს ატოცში გააგზავნის
ზუგდიდელმა მადონა ჯაბუამ, რომელიც სხავდასხვა თემატიკის ნაკეთობას, წლებია საკუთარი ხელით ქმნის, ნამუშევრებში ოკუპაციის თემა ასახა.
მან სულ რამდენიმე დღის წინ მობილური ტელეფონის სადგამები დაამზადა, რომელზეც საქართველოს რუკაა გამოსახული და წერია „არა ოკუპაციას“. გარდა ამისა, სადგამზე ოკუპაციის თარიღებიცაა ამოტვიფრული. მადონა ჯაბუა მათ ატოცში გააგზავნის, სადაც მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლები და სხვა მოქალაქეები საოკუპაციო ხაზთან, თვეებია პატრულირებენ. ზუგდიდელი ოსტატი ამბობს, რომ ამ ჟესტით მათდამი სოლიდარობას გამოხატავს.

„ეს პირველი მცდელობაა ...სადგამი დავამზადე ატოცში გუშაგებისთვის ...რამდენიმე ცალია.“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ჯაბუამ.


მისი თქმით, ოკუპაციის თემა თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის მტკივნეული და მნიშვნელოვანი უნდა იყოს. გვითხრა, რომ ფიქრობდა, როგორ გამოეხატა საკუთარ ნაკეთობებში ეს საკითხი.

„მხოლოდ ფეისბუქზე პოსტებით ვეხმაურებოდი ამ ფაქტებს. ამ თემატიკით მინდა გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპაციასთან დაკავშირებით ... დღეს,როცა რუსეთი ისევ აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას ჩვენი ქვეყნის მიმართ და მცოცავი ანექსიის პირობებში ვართ ,მნიშვნელოვანია ყველამ გამოვხატოთ პროტესტი... ჩვენ არასოდეს შევეგუებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას“, - გვითხრა ჯაბუამ.

მადონა ჯაბუა აპირებს, რომ აღნიშნულ თემატიკაზე მუშაობა აქტიურად განაგრძოს და შესაბამისი დიზაინიც მოფიქრებული აქვს. ამასთან, მან გვითხა, რომ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ჩართულობითა და ორგანიზებით, საქველმოქმედო აქციის ჩატარებასაც გეგმავენ. გაყიდვებიდან მიღებულ თანხას კი ისევ ატოცში იმ ადამიანებთან გააგზავნიან, ვინც, მისივე თქმით, საოკუპაციო ხაზთან „გუშაგობენ“.






Print