ახალი ამბები
„ჩერნომორენერგო“: ელექტროენერგიის მიწოდება აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე 3 საათით შეიზღუდება
ენგურჰესის სრული გაჩერების თავიდან ასაცილებლად, აფხაზეთში დღეიდან ელექტროენერგიაზე შეზღუდვები დაწესდება. ამის შესახებ ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" პრესსამსახურმა გაავრცელა.

"ენგურჰესის სრული გაჩერება ხდება 420 მეტრის ნიშნულზე. ამის თავიდან ასაცილებლად, აფხაზეთის მთელს ტერიტორიას 11 - დან 14 საათამდე შეუწყდება ელექტროენერგიის მიწოდება. ეს შეზღუდვა იმოქმედებს რუსეთიდან მოწოდებული ელექტროენერგიის საშუალებით დეფიციტის აღმოფხვრამდე", - ნათქვამია განცხადებაში.

დე ფაქტო რესპუბლიკაში ელექტროენერგიის შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია რადიო "ათინათს" ენგურჰესის ტექნიკურმა დირექტორმა გია ხუბუამ გუშინ დაუდასტურა.

"ეს დაახლოებით 1 მილიონი კილოვატ საათია. მაგრამ, თუ მათ იმპორტი არ მოახდინეს რუსეთიდან, ესეც არ ყოფნის. იმპორტის შემთხვევაშიც უნდა დატოვონ ეს შეზღუდვები, რადგან ძალიან ძვირი ჯდება ეს ელექტროენერგია. ასე უნდა გაგრძელდეს სადღაც მარტის შუა რიცხვებამდე და მერე ვნახოთ", - თქვა ხუბუამ.

"ჩერნომორენერგოს" გენერალურმა დირექტორმა ასლან ბასარიამ გასულ კვირაში განაცხადა, რომ ჯვარის წყალსაცავში წყლის დეფიციტის და რესპუბლიკაში ელექტროენერგიის მოხმარების მკვეთრი ზრდის გამო, შესაძლოა მარასოებრი გამორთვები დაიწყოს.

მან აღნიშნა, რომ დეფიციტის თავიდან აცილების ორი გზა არსებობს: ელექტროენერგიის მარაოსებრი სისტემით გათიშვები ან მისი რუსეთიდან "გადმოქაჩვა". აფხაზმა ენერგეტიკოსმა დასძინა, რომ სოხუმი რამდენიმე დღეში მიიღებს გადაწყვეტილებას.

Print