ახალი ამბები
ანაკლიის განვითარების კონსორციუმი იმედოვნებს, რომ სახელმწიფოსთან თანამშრომლობა კონსტრუქციულ ფორმატში გაგრძელდება
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს და განმარტებებს აკეთებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა კონსორციუმის მხრიდან ანაკლიის პორტთან დაკავშირებული საინვესტიციო ხელშეკრულების შესახებ ისაუბრა.შესაბამისი განცხადება კონსორციუმმა ანაკლიის პორტის სოციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

"კონსორციუმი მიესალმება მინისტრის განცხადებას რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ანაკლიის პორტის პროექტს საფრთხე არ ემუქრება და რომ მთავრობა საკუთარი ძალებით ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე თუ სტრატეგიულ პარტნიორთან ხაზს უსვამს პორტის მნიშვნელობას და ცდილობს კონსორციუმს დაეხმაროს სესხის მოპოვებაში.

კონსორციუმში განმარტავენ, ვალდებულებები შესრულებულია, კონსორციუმის აქციონერებისა და პარტნიორების მიერ პროექტში დღემდე ინვესტირებულმა თანხებმა 70 მილიონ აშშ დოლარამდე მიაღწია. საერთაშორისო კომპანიებისა და ექსპერტების ჩართულობით ჩატარდა საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა კვლევა, მათ შორის: ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების კვლევა; ნიადაგის, ტოპოგრაფიული, ბათიმეტრიული, ჰიდრო და მორფოდინამიკური მოდელირება; მომზადდა გენერალური გეგმა და წინასწარი დიზაინი. აღნიშნული კვლევებისა და სამუშაოების უზრუნველსაყოფად კონსორციუმს 18 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ბონდი ჰქონდა სახელმწიფოსთვის წარდგენილი, რაც შემცირდა მოცემული კვლევებისა და სამუშაოების შედეგების წარდგენისა და სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების შედეგად. იმისათვის, რომ არ დარღვეულიყო პორტის პირველი ფაზის მშენებლობისთვის გათვალისწინებული ვადები, კონსორციუმის ინვესტორებმა გადაწყვიტეს, არ დალოდებოდნენ პროექტის ფინანსურ დახურვას და განხორციელდა უპრეცედენტო მასშტაბის, 30 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ადრეული ფსკერდაღრმავებითი და რეფულირების სამუშაოები. ზღვის ფსკერიდან უდიდესი დამაღრმავებელი გემი „ათენას“ მიერ მოხდა 5 მილიონი კუბური მეტრი ქვიშის ამოღება, რომელიც განთავსდა 100 ჰექტარ ტერიტორიაზე. ამოღებული ქვიშა თავისი წონით აწვება გრუნტს და ახდენს წყლის ამოდევნას 3500 კილომეტრი სიგრძის ვერტიკალური დრენაჟების დახმარებით, რომელიც პორტის საზღვაო ნაწილის მშენებელმა კონტრაქტორმა, ჰოლანდიურმა კომპანია „Van Oord“-მა 11 მეტრის სიღრმეზე დააყენა. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით ანაკლიის პორტის საზღვაო ტერიტორია უკვე წარმოადგენს ყველაზე ღრმაწყლოვანს საქართველოს ტერიტორიაზე.

ამჟამად მიმდინარეობს ორი ტენდერი: პორტის პირველი ფაზის ძირითადი სამშენებლო სამუშაოების განმახორციელებელი კონტრაქტორის შესარჩევად და ამავე ფაზისთვის საჭირო საპორტო ამწე დანადგარების შესყიდვასა და ინსტალაციასთან დაკავშირებით. უახლოეს დღეებში გამოვლინდება გამარჯვებული გენერალური კონტრაქტორი, რომელიც დაასრულებს პროექტის დეტალურ დიზაინზე მუშაობას, როგორც ეს საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკით არის მიღებული, და განახორციელებს პორტის პირველი ფაზისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოებს. შესაბამისად, უმოკლეს ვადაში დაიდება სრული საპროექტო დოკუმენტაცია, რისი ნაკლებობაც იქნა მოხსენიებული მინისტრის განცხადებაში.
პორტის ოპერირების გამოცდილება
მინისტრის განცხადებაში ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ გამარჯვებულ კომპანიას უნდა ჰქონოდა გამოცდილება ან ჰყოლოდა პარტნიორები, ვისაც ჰქონდა გამოცდილება პორტის მართვის მიმართულებით. შესაბამისად კონსორციუმმა პროექტში შემოიყცანა ძლიერი სტრატეგიული პარტნიორი - ამერიკული SSA Marine, რომელიც პორტის ოპერატორი და ინვესტორია. SSA Marine მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი სანავსადგურე სატერმინალო ოპერატორია, რომლის ტერმინალები მსოფლიოს 9 ქვეყანაში მდებარეობს, წლიურად 27.2 მილიონ კონტეინერს (TEU) ამუშავებს და მსოფლიოს 250 წერტილში ოპერირებს.

პროექტის ვადები

მინისტრის განცხადებას პროექტის დაგვიანებასთან დაკავშირებით კონსორციუმი პასუხობს შემდეგით, რომ მოხდა მხოლოდ პროექტის ფინანსური დახურვისთვის განსაზღვრული ვადების გადავადება, თუმცა ეს გავლენას არ იქონიებს იმაზე, რომ პორტის პირველი ფაზის მშენებლობა თავდაპირველად განსაზღვრულ ვადებში დასრულდეს და 2020 წლის ბოლოსთვის მივიღოთ ოპერირებადი პორტი. ოთხი ფინანსური ინსტიტუტის მხრიდან ანაკლიის პორტის პროექტით დაინტერესებამ, 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სასესხო რესურსის გამოყოფის თაობაზე პოზიციების შეჯერებამ და საკითხების კოორდინაციამ მოითხოვა მეტი დრო, ვიდრე ამას საინვესტიციო ხელშეკრულების თავდაპირველი რედაქცია ითვალისწინებდა. პროექტის მასშტაბებიდან და კომპლექსურობიდან გამომდინარე, რამდენიმე თვე დასჭირდა ფინანსური ინსტიტუტების მიერ დამოუკიდებელი საერთაშორისო კონსულტანტების შერჩევასა და მათთან კონტრაქტების გაფორმებას. ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ დამოუკიდებელ კონსულტანტებთან ერთად პროექტის შესწავლის პროცესი. საჯარო-კერძო თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით.

სახელმწიფოს მონაწილეობა და ვალდებულებები
საერთაშორისო ინსტიტუტებმა საინვესტიციო ხელშეკრულების საერთაშორისო სამართლებრივი ანალიზის შედეგად წარმოადგინეს რიგი საკითხებისა, რომლებზეც სახელმწიფოსთან მიმდინარე წლის 8 თებერვალს დაიწყო მოლაპარაკებები და ამ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება მთლიანად მთავრობის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. მათ შორის არის ტვირთების რისკის გადასაზღვევად საჭირო სახელმწიფო გარანტია, რაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების თვალსაზრისით, აუცილებელი მოთხოვნაა მათ მიერ მსგავსი პროექტებისთვის დაფინანსებისას, რადგან პროექტის ყველაზე დიდი ბენეფიციარი არის სახელმწიფო და მას აქვს სათანადო ბერკეტი, რომ სწორი სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების პირობებში უზრუნველყოფილი იყოს ტვირთები. აქვე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ დროულად უზრუნველყოს პორტამდე გზისა და რკინიგზის მიყვანა. ესეც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა, რისი გარანტიაც ხელისუფლებისგან უნდა მიიღონ.

კონსორციუმი განმარტავს, რომ ანაკლიის პორტის პროექტი არ არის ერთი რომელიმე კერძო პირის ან ერთი კომპანიის პროექტი, არამედ ქვეყნისა და ხალხის პროექტი. საინვესტიციო ხელშეკრულების თანახმად, კონსორციუმმა ოპერირებადი პორტი საინვესტიციო ვადის გასვლის შემდეგ სახელმწიფოს უნდა გადასცეს, მანამდე კი - პორტის ოპერირებიდან მიღებული შემოსავლის გარკვეული წილი გაუზიაროს. ეს არის კერძო-საჯარო პარტნიორობა, რომელიც გულისხმობს კერძო კომპანიისა და მთავრობის მჭიდრო ურთიერთობას, სადაც წარმატების მიღწევა ვერ მოხერხდება სახელმწიფოსთან პარტნიორობისა და მისი ფინანსური მონაწილოების გარეშე.

სახელმწიფოს, კერძოდ კი საპარტნიორო ფონდის მხრიდან 100 მილიონი დოლარის სუბორდინირებული სესხის გამოყოფაც კერძო-საჯარო პარტნიორობის დადასტურებაა, რაც საინვესტიციო ხელშეკრულების პირობებზე მოლაპარაკების სტადიაზე პოტენციურმა ოპერატორმა მოითხოვა და სახელმწიფო ამას დათანხმდა, რითაც მოახდინა დემონსტირება, რომ ეს არის ქვეყნისთვის სტრატეგიული პროექტი და მას აქვს სახელმწიფოს მხარდაჭერა. აღნიშნულ რესურსს კონსორციუმი პროექტის ფინანსური დახურვის შემდეგ მიიღებს.
კონსორციუმი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ პროექტის განსახორციელებლად ეხლა მთავარია წარმატებით დასრულდეს მოლაპარაკებები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და სახელმწიფოს შორის და იმედოვნებს, რომ სახელმწიფოსთან თანამშრომლობა კონსტრუქციულ ფორმატში გაგრძელდება", - აღნიშნულია განცხადებაში. 

ამავე თემაზე:

ემუქრება თუ არა საფრთხე ანაკლიის პორტს - ანაკლიელების აზრი (ფოტო, ვიდეო)
Print