ახალი ამბები
ზუგდიდში იუნკერთა და 1924 წელს აჯანყებულთა ხსოვნას პატივი მიაგეს (ფოტო, ვიდეო)
ზუგდიდში, ე.წ. ფრანგულ პარკში, 1924 წლის აჯანყებისას დახვრეტილთა და რეპრესირებულთა, ასევე, 1921 წელს დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგეს. 1921 წელს რეპრესირებულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ქალაქის მაჟორიტარმა მერაბ ქვარაიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.



„დღეს კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს იუნკერთა ხსოვნას. ეს დღე არის ისტორია ჩვენი ბრძოლის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. დღევანდელი დღეს კიდევ ერთხელ გვახსენებს წასრულს, რომ გვაქვს ტერიტორიები, სადაც არ ვრცელდება ჩვენი იურისდიქცია და წინ გვაქვს ამოცანა გამთლიანების, აფხაზი და ოსი ძმების შემორიგების, მომავალი ძლიერებისა და ერთიანი მომავლის“, - აღნიშნა ქალაქის მაჟორიტარმა.



ზუსტად 98 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის – ანექსია.



„ქედს ვიხრით იმ ადამიანების წინაშე, ვინც გაიღო სისხლი ჩვენი დამოუკიდებლობისთვის და პატივს მივაგებთ საქართველოს დამოუკიდებლობის დასაცავად დაღუპულ გმირებს“, - თქვა მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ.

ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, მთელ საქართველოში, მათ შორის, სამეგრელო-ზემო სვანეთში, ადმინისტრაციულ შენობებზე დროშები დაშვებულია.

ამავე თემაზე:

ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე დროშები დაუშვეს

Print