ახალი ამბები
მერაბ ქვარაია: ანაკლიის პორტი ჩვენი ხელისუფლების პროექტია
ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია მიიჩნევს, რომ ანაკლიის პროექტის განხორციელებას საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ მან დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, „TBC ბანკისა“ და მამუკა ხაზარაძის ირგვლივ განვითარებული მოვლენების დაკავშირება ანაკლიის პორტთან და ამბის "გაპოლიტიკურება" არასწორია.

„ანაკლიის პორტის პროექტს საუკუნის ისტორია აქვს, თუმცა არაერთი მცდელობის შემდეგ სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდა მისი განხორციელება შესაძლებელი. ეს გადაწყვეტილება მიიღო ჩვენმა ხელისუფლებამ და ჩემი პატივისცემის მიუხედავად, ვერცერთი ადამიანი ვერ მიიწერს ამ პროექტის განხორციელებას. მას ჰყავს კონკრეტული შემსრულებლები და განმახორციელებლები და ჩვენი ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ პროექტი არ შეჩერდეს. დარწმუნებული ვართ, რომ ასეც იქნება, რადგან ესაა ხელისუფლებისა და ხალხის პროექტი. ვფიქრობ, რომ დაწყებული გამოძიება ხელს არ შეუშლის კონსორციუმს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში. თუ არსებობს რამე ფაქტორი შემაფერხებელი, ალბათ, თვითონ იტყვიან, მაგრამ TBC ბანკის ამბის მიბმა ანაკლიის პროექტთან არის მიუღებელი“, - აღნიშნა ქვარაიამ.

ის დღეს მაჟორიტარის ბიუროს ორგანიზებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და საკრებულოს წევრებს შეხვდა.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ, რომელიც ამავე დროს “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელიცაა, ბანკის დატოვების შესახებ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა. სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ხაზარაძე იმედოვნებს, რომ ანაკლიის პორტის პროექტის ბოლომდე მიყვანა „დასცალდება“.

მანამდე მან ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პროკურატურის მიერ ე.წ. „არარსებულ" საქმეზე დაჩქარებული გამოძიების დაწყება ხელს უშლის ანაკლიის პორტის დაფინანსებას.

ეროვნულმა ბანკმა "თიბისი ბანკისგან" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვება რამდენიმე დღის წინ ითხოვა. მათივე ინფორმაციით, რეგულატორის მოთხოვნა უკავშირდება 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა. პროკურატურამ გამოძიება 194 მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრებას გულისხმობს.


ამავე თემაზე:

მამუკა ხაზარაძე: ჩვენ ვართ ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლი


Print