ახალი ამბები
ზუგდიდის ყინულის სახლში სრიალის მსურველთა რიგებია (ფოტო)
ზუგდიდის ახლად გახსნილ ყინულის სახლში სრიალის მსურველები, საკუთარ რიგს, ხშირ შემთხვევაში, საათზე მეტი ხნის განმავლობაში ელოდებიან. მოედნის სტუმრების ნაწილი კი ჩივის, რომ სრიალი ვერ მოახერხეს, რადგან რიგებია.

ზუგდიდის მერიის ააიპ „სპორტის განვითარების ცენტრის“ დირექტორის გოჩა ჩიქოვანის ინფორმაციით, ზუგდიდის ყინულის სახლს ყოველ დღე 500-მდე სტუმარი ჰყავს. ჩიქოვანმა რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ ყინულის მოედანზე სრიალის მსურველი ბევრია.

„ახლა არის ასეთი სიტუაცია, რომ თავისუფლად შეუძლია ყველას შემოსვლა და სრიალი, შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე. ბავშვებს ვერ ვეტყვით, რომ გამოვიდნენ მოედნიდან და სხვას დაუთმონ. პირველი მარტიდან კი, როცა, სავარაუდოდ, ფუნქციონირებას დაიწყებს სპორტული წრეები, შეზღუდვებიც იმოქმედებს.“, - თქვა ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, განცხადებების მიღება წრეებზე უკვე დაიწყო და პირველ ეტაპზე, მოსწავლეებს სამი ადგილობრივი ინსტრუქტორი ამეცადინებს. სამომავლოდ კი მწვრთნელის მოყვანა ფედერაციიდან არის დაგეგმილი.

ამ დროისთვის ყინულის სახლში შესვლა დღის 16-დან 20 საათამდეა შესაძლებელი. პირველ მარტამდე კი მოედანზე სრიალი ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეუძლია.

ზუგდიდის სკეიტ პარკში ყინულის სასახლე 22 თებერვალს საზეიმოდ გაიხსნა.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში ყინულის სახლი საზეიმოდ გაიხსნა (ფოტო, ვიდეო)

Print