ახალი ამბები
მოქალაქე: ჩხორიაში ახლობლებს მიცვალებულის დასატირებლად დაზიანებულ ხიდზე გადასვლა უჭირთ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიაში, ახლობლებს ხიდის დაზიანების გამო მიცვალებულის დასატირებლად გადასვლა უჭირთ. მოქალაქის მარიკა თოდუას ინფორმაციით, ხიდზე ადამიანები თითო-თითოდ გადადიან, რადგან იმის საფრთხე არსებობს, რომ ხიდი მთლიანად ჩატყდება. როგორც რადიო „ათინათს“ თოდუამ უთხრა, აღნიშნული პრობლემის შესახებ მერის მოადგილეს გიორგი შენგელიას უთხრა და მისგან ხიდის აღდგენის პირობა მიიღო, თუმცა მანამდე ადგილობრივები კონსტრუქციის დროებით გამაგრებას ითხოვენ.

„82 წლის ქალბატონია გარდაცვლილი და სატირალში ვინც მოდის, ხიდზე თითო-თითოდ გადმოდიან. ადგილობრივებს, უნდოდათ ხეები მოეჭრათ და საკუთარი სახსრებით გაემაგრებინათ ხიდი. მერიის პრესსამსახურს მივმართეთ შესაბამისი თხოვნით იქნებ დაგვეხმარონ კონსტრუქციის დროებით გამაგრებაში, რომ რამენაირად მიცვალებული გადმოსვენება შეძლოს ჭირისუფალმა. მერის მოადგილისგან პირობა მივიღეთ, რომ ხიდს აღადგენენ, თუმცა ამას გარკვეული დრო სჭირდება. როგორც მითხრა პროექტის მზადაა და მალე გავა ტენდერზე, რისთვისაც მადლობელი ვართ. ასევე შეგვპირდა, რომ ხიდამდე მისასვლელი გზა, რომელიც დატბორილია ხრეშს მოვაყრითო“, - აღნიშნა თოდუამ.

ზუგდიდის მერიის პრესსამსახურში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, თუმცა მანამდე გზას მოაწესრიგებენ, რომ ადგილობრივებს მიმოსვლის პრობლემა აღარ შეექმნათ.

ხიდის დაზიანების შესახებ ინფორმაცია მოქალაქე მარიკა თოდუამ ფეისბუქის გვერდზე 15 თებერვალს გაავრცელა. მისი თქმით, ხიდი გასული წლის აგვისტოში დაზიანდა და ამ დრომდე ვითარება არ შეცვლილა. მისივე განმარტებით, ეს ერთადერთი ხიდია, რომლითაც ორი ოჯახი სარგებლობს. ის ასევე წერდა, რომ ხიდს გაღმა ავადმყოფი მოხუცი ცხოვრობდა და სასწრაფო დახმარების მანქანა ადგილზე ვერ მიდიოდა.

ამავე თემაზე:
მოქალაქე: ჩხორიაში ორი ოჯახი საფრთხის წინაშეა

გიორგი შენგელია: ჩხორიაში დაზიანებული ხიდი რეაბილიტირდება
Print