ახალი ამბები
დაკავებულის ძმა: გათავისუფლების სანაცვლოდ გამოსასყიდს ითხოვენ
თაგილონი-შამგონას  საზღვართან გუშინ დაკავებული 55 წლის გულადი ხუბუას გათავისუფლების სანაცვლოდ რუსი მესაზღვრეები 12 000 რუბლს  ითხოვენ. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ დაკავებულის ძმამ განუცხადა. მისივე თქმით, ოჯახის წევრებმა არ იციან, თუ არ ვითარებაში მოხდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხუბუას გადაყვანა.

„თაგილონიდან დამირეკა ნაცნობმა, გულადი ხუბუა რუსებს ჰყავთო დაკავებულიო. მკითხეს შენი ძმააო? რა ვითარებაში დააკავეს, თვითონ გავიდა გაღმა თუ იქით შეიტყუეს არ ვიცი. გუშინ დაბადების დღე ჰქონდა და ცოტა ნასვამი იყო. ჩვენ სახლში ველოდებოდით, პატარა სუფრა გვქონდა გაშლილი. ვერც ტელეფონზე დავურეკეთ, გამორთული ჰქონდა. თაგილონში მცხოვრებ ჩემს ახლობელს ვთხოვე მისულიყო გალის ადმინისტრაციაში და გაეგო სიტუაცია, როგორც მითხრეს 500 ლარს ითხოვენ რუბლში და ასევე ჯანმრთელობის ცნობას, იმის შესახებ, რომ მას ფსიქიკური პრობლემები აქვს. მას მართლაც ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები, მხედველობა დაქვეითებული აქვს და დალევის შემთხვევაში არაადეკვატურია, თუმცა ექიმის ცნობა არ მაქვს. რამდენჯერ ვთხოვე ექიმთან გამომყოლოდა, მაგრამ ვერ დავითანხმე. თუ ეს საბუთი და ფული არ გავაგზავნე ორშაბათს საქმე იქაურ პროკურატურას გადაეცემაო და უფრო რთულად იქნება საქმე. თანხას კი მოვაგვარებ, მაგრამ ამ ცნობას მე არავინ გამიკეთებს“, - თქვა დაკავებულის ძმამ ზურაბ შარიამ.

ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ დაკავებულის გასათავისუფლებლად ყველა შესაბამისი უწყება მუშაობს.


Print