რეგიონი
ანა წითლიძე ზუგდიდში ერთ-ერთი ქუჩისთვის გიორგი ანწუხელიძის სახელის დარქმევას ითხოვს
ზუგდიდის საკრებულოში ერთ-ერთი საბჭოური სახელწოდების მქონე ქუჩისთვის გიორგი ანწუხელიძის სახელის მინიჭების ინიციატივა დარეგისტრირდა. შესაბამისი წინადადება ფრაქცია „ენმ“-ის თავმჯდომარეს ანა წითლიძეს ეკუთვნის.

„ზუგდიდში გვაქვს რამდენიმე საბჭოთა სახელის მქონე ქუჩა და კომისიამ და შემდეგ უკვე მთლიანად საკრებულომ უნდა იმსჯელოს, რომ ერთ-ერთ მათგანს ჩვენი ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელი დაერქვას. ვიმედოვნებ, ჩვენი პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობა არ გახდება მიზეზი, რომ უმრავლესობამ მხარი არ დაუჭიროს ამ ინიციატივას, რადგან ანწუხელიძის ღვაწლი მთელი ქვეყნისთვის და ყველა მოქალაქისთვის ერთნაირია“, - უთხრა რადიო „ათინათს“ წითლიძემ.

მისივე თქმით, ეს წინადადება ფრაქციას წინა მოწვევის საკრებულოშიც ჰქონდა, თუმცა საკითხს გაგრძელება არ მოჰყოლია.

უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე, 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა. იგი წამების შემდეგ, ცხინვალის მეხუთე სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს. მტრის სატელეფონო ვიდეო ჩანაწერში ასახული მისი წამების კადრები 2009 წლის იანვარში ინტერნეტით გავრცელდა. ანწუხელიძე 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, ვიდრე მისი იდენტიფიცირება ქართული მხარისადმი გადმოცემული სამხედრო მოსამსახურეთა ცხედრების გენეტიკური ექსპერტიზით არ დადგინდა.

გიორგი ანწუხელიძეს 2013 წლის 15 აპრილს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. იგი ასევე დაჯილდოებულია, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“. 2013 წელს, „თუშების სადროშომ“ გიორგი ანწუხელიძეს „თუში სახალხო გმირის“ წოდება მიანიჭა. სოფელ ქვემო ალვანში გიორგი ანწუხელიძის მემორიალიც გაიხსნა. იმავე წლიდან, სერჟანტთა აკადემია გიორგი ანწუხელიძის სახელს ატარებს.

Print