რეგიონი
სოხუმის „საკონსტიტუციო სასამართლო“: გიორგი ლუკავას გათავისუფლება კანონის ფარგლებში მოხდა
დე ფაქტო აფხაზეთის საკონსტიტუციო სასამართლო არ განიხილავს გიორგი ლუკავას შეწყალების კანონიერების საკითხს. აღნიშნული მოთხოვნით სასამართლოს „სახალხო კრებამ“ მიმართა, რაზეც უარი მიიღო, წერს „აფსადგილ ინფო“. მოთხოვნა „პარლამენტმა“ დაასაბუთა იმით, რომ შეწყალების შესახებ "პრეზიდენტის" განკარგულებაში არ იყო საკმარისი საფუძველი მსჯავრდებულის გასათავისუფლებლად. მათივე განცხადებით, ლუკავა პრეზიდენტის სახელზე გაგზავნილ მიმართვაში ითხოვდა, რომ ის არ გადაეცათ ქართული მხარისთვის. გარდა ამისა, „მას უნდა მოეხადა სასჯელის ნახევარი, რათა შეწყალების უფლება მიეღო და ეს ვადა მხოლოდ 2022 წლის 11 მაისს ამოიწურებოდა“, - ნათქვამია განცხადებაში. 

2018 წლის 3 იანვარს გიორგი ლუკავას ქართული მხარისთვის გადაცემის გამო სოხუმში საპროტესტო აქცია გამართა. მისი მონაწილეები ლუკავას შეწყალების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას და აღნიშნული გადაწყვეტილების მიმღები პირის ან პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვდნენ.

რაულ ხაჯიმბამ, რომელმაც ლუკავას შეწყალების განკარგულება გასცა, მაშინ აქციის მონაწილეებს განუმარტა, რომ მას „როგორც აფხაზეთის ლიდერს, რომელიც აყალიბებდა ურთიერთობას მოძმე სამხრეთ ოსეთთან, არ შეეძლო სხვაგვარად მოქცეულიყო და უარი ეთქვა ოსეთის თხოვნაზე ჩართულიყვნენ პატიმრების გაცვლის პროცესში“.

აფხაზეთის ომის მონაწილე გიორგი ლუკავა, 25 დეკემბერს, დაახლოებით, 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, დააკავეს. მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. აფხაზური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას "ბრალი ადამიანის მკვლელობასა და პარტიზანულ დაჯგუფება "ტყის ძმებთან" კავშირში ედებოდა". მისი საკითხი მუდმივად იყო ერთ-ერთი მთავარი თემა გალის შერეული შეხვედრების დროს.

ამავე თემაზე:

რაულ ხაჯიმბამ ლუკავას გათავისუფლებასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა
Print