რეგიონი
„ბედნიერი სტუმარი“ - ბიზნესის განვითარების ტრენინგი ზუგდიდში (ფოტო, ვიდეო)
USAID Zrda Activity in Georgia-ს დაფინანსებით და სააგენტო "გასტრონავტის" ორგანიზებით სტუმარ - მასპინძლობის სფეროს განვითარების ხელშეწყობისა და მასში ჩართული ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ტრენინგი ჩატარდა.

ბიზნეს საკონსულტაციო სააგენტო "გასტრონავტის" დამფუძნებლის ლევან ქოქიაშვილის თქმით, აღნიშნული ტრენინგები ძალიან მნიშვნელოვანია ტურისტული ბიზნესის განვითარებისთვის. მან აღნიშნა, რომ აქტივობაში ამჯერად ჩართულია 18 ადამიანი, რომელიც ამ სფეროში არსებულ სიახლეებს ეცნობა.  

"ჩვენ ვესაუბრებით მათ სერვისის და ტენდენციების შესახებ, რა ხდება მსოფლიოში ამ მიმართულებით, როგორია სარესტორნო სფეროს განვითარება. ვცდილობთ ანალოგები დავანახოთ ამ ადამიანებს, რომ შეძლონ ბიზნესის სწორი ხედვებით განვითარება", - თქვა რესტორატორმა.

USAID-ის პროექტ Zrda -ს ტურიზმის პროექტის მენეჯერის გიორგი ახალაიას თქმით, ტრენინგი არის ინტერაქტიული და პრაქტიკულ მაგალითებზე აგებული, რაც მასში მონაწილე კომპანიებს საშუალებას მისცემს განახორციელონ ცვლილებები და სწორად დაგეგმონ ბიზნესის განვითარების სტრატეგია.

"ტრენინგი ამ ეტაპზე 2 ნაწილად იყოფა. პირველი მოიცავს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, რის შედეგადაც ყველა კომპანია დაინახავს თავის სუსტ და ძლიერ მხარეებს, შესაბამისად ზუსტად დაგეგმავს თავისი მომავალი განვითარების სტრატეგიას. რაც შეეხება მეორე ნაწილს, რომელიც იმ კვირაში ჩატარდება, მონაწილეები შეისწავლიან ღვინის და საკვების შეხამების ტექნიკებს. მეწარმეებს საქმიანობის განვითარებისთვის საჭირო რეკომენდაციები და ინდივიდუალური კონსულტაციები გაუწიეს", -  ამბობს გიორგი ახალაია.

მისი განმარტებით, ტრენინგის წარმატებული მონაწილეები ისარგებლებენ საგრანტო პროგრამით, რომლის ფარგლებშიც შეძლებენ მიიღონ სხვადასხვა სახის მარკეტინგული მომსახურება.

სამეგრელოს გარდა მსგავსი ტრენინგები სამცხე-ჯავახეთში, ქვემო და შიდა ქართლსა და ახმეტაშია დაგეგმილი.
Print