ახალი ამბები
ზუგდიდის ბულვარი დადიანების სასახლის ეზოს შესასვლელამდე გაგრძელდება
ზუგდიდის ბულვარის გაგრძელებისა და ბოტანიკურ ბაღთან მისასვლელი ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების პროექტირებასა და გარემოსდაცვითი დოკუმენტაციის შედგენაზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, შესყიდვის ღირებულება 58 ათასი ლარია.

შესყიდვების ელექტრონულ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საპროექტო ტერიტორია (ბულვარიდან დადიანების სასახლისა და ბოტანიკური ბაღის შესასვლელამდე) 250 მეტრს და დაახლოებით, 1,8 ჰა-ს მოიცავს.

ამავე დოკუმენტაციის მიხედვით, დაპროექტებისას უნდა გაითვალისწინონ, რომ ბულვარის გაგრძელებით უნდა მოეწყოს საფეხმავლო გზები, ველო-ბილიკი, რომელიც ფერით გამოიყოფა საფეხმავლო ბილიკისგან, საზოგადოებრივი საპირფარეშოები, მოსასვენებელი ფანჩატურები. ამასთან, პროექტში ასახული უნდა იყოს ბულვარის გამწვანება, განათება, აქვე განთავსდეს სასმელი წყლის შადრევნები, სამანქანო გზა, რომელიც გაგრძელდება ბულვარის ბოლომდე, დროებითი, მცირე ავტოსადგომი ბულვარის ბოლოს. უნდა მოეწყოს საფეხმავლო გადასასვლელი ხიდები. მთელი ეს სივრცე და ტერიტორია ადაპტირებული უნდა იყოს შშმ პირებისთვის.

ტენდერში წინადადებები 16-დან 19 მარტის ჩათვლით მიიღება.


Print