რეგიონი
ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართეს
ზუგდიდის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების და მათთან ერთად დაკავებული მოქალაქის ადვოკატებმა, სასამართლო პროცესის არსებითი განხილვების გარეშე დასრულების მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო „ათინათს“ ბრალდებულების უფლებადამცველებმა დაუდასტურეს. საპროცესო შეთანხმების პირობებს ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას და მისი მოადგილის გია გულორდავას ადვოკატები არ აკონკრეტებენ. მათი თქმით, მოლაპარაკებები ახალი დაწყებულია და დეტალებზე ჯერ ვერ ისაუბრებენ. გარდა ამისა, ადვოკატები ამბობებენ, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმება სწრაფ და ეფექტურ მართლმსაჯულებას ემსახურება.

„ჯერ ვერ გეტყვით მოლაპარაკებების პროცესში ვართ. ოთხივე ბრალდებულს შეტანილი აქვს განცხადება“ , - თქვა გია გულორდავას ადვოკატმა ზაქარია გვიშიანმა.

რაც შეეხება მერიის მუნიციპალური ქონების სერვისების მართვის სამსახურის  ყოფილი უფროსის თენგიზ ქობალიას ადვოკატს იოსებ ჯანაშიას, მისი ინფორმაციით, თუ მათ პროკურატურა პირობითი მსჯავრის გამოყენებაზე დასთანხმდება, ბრალდებულს ბრალის აღიარება მოუწევს. 

„ამ არსებითი განხილვის დასრულებას თავისი უარყოფითი მხარეებიც აქვს. რეალურად შეიძლება ოთხივეზე დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი, ამიტომ დავაყენეთ საპროცესო შეთანხმების მოთხოვნა და არსებითი განხილვის გარეშე დავასრულოთ, იმ პირობებით, რაც ჩვენ გვინდა. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ ბრალდებულებთან შეთანხმებით. თუ პროკურატურა ამ პირობებზე არ დასთანხმდა, ჩვეულებრივ გაგრძელდება პროცესები“, - აღნიშნა ჯანაშიამ.

ზუგდიდის ყოფილ მერს, ლაშა გოგიასა და ვიცე-მერს, გია გულორდავას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის ჯგუფურად აღებას ედავებიან, თენგიზ ქობალიას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას, ხუტა ბაღათურიას კი ბრალი ცრუ ჩვენებისთვის აქვს წაყენებული.

ამავე თემაზე:
ლაშა გოგიას ადვოკატი: ყოფილი მერი ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს და ბევრი რამის თქმას აპირებს

Print