ახალი ამბები
სამსახურში აღდგენილ გიდს განაცდური სრულად აუნაზღაურეს
ზუგდიდის დადიანების ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმის თანამშრომელს, რომელიც სამსახურში, დაახლოებით, ორი კვირის წინ აღადგინეს, 18 თვის განაცდური სრულად აუნაზღაურდა. ამის შესახებ ელზა ზოდელავამ რადიო „ათინათს“ თავად უთხრა.

„ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს ადვოკატს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტს ლელა მოწონელიძეს და სააღსრულებლო ბიუროს. რომ არა ისინი, ალბათ, ამას ვერ მივაღწევდი“, - გვითხრა ზოდელავამ.

ელზა ზოდელავა მუზეუმის რუსულ, პოლონურ და ქართულენოვან გიდად 6 წელი მუშაობდა. ის სამსახურიდან 2017 წლის პირველ თებერვალს გაათავისუფლეს. მან გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა სარჩელი ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელე მხარემ სააპელაციოში გაასაჩივრა. უზენაესმა სასამართლომ მუზეუმის ყოფილი თანამშრომლის ელზა ზოდელავას სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება 2018 წლის ივნისში უკანონოდ ცნო და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. მუზეუმს ელზა ზოდელავას სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება დაევალა. ზოდელავას ინტერესებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" იურისტი ლელა მოწონელიძე იცავდა. თავის მხრივ, ბერაია აცხადებდა, რომ მას შტატი და ფინანსები ყოფილი გიდის სამსახურში აღსადგენად არ ჰქონდა.

ამავე თემაზე:

მუზეუმის დირექტორმა გიდის სამსახურში აღდგენის ბრძანებას ხელი მოაწერა




Print