ახალი ამბები
ქობალია: რუსების წარმომადგენლები ირაკლი კვარაცხელიას დაკრძალვას აჩიგვარაში ითხოვენ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის რეზო ქობალიას ინფორმაციით, გალში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ირაკლი კვარაცხელიას დაკრძალვას ოკუპირებულ აფხაზეთში ითხოვენ. მან რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ აჩიგვარაში, კვარაცხელიას მეზობლებთან რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ და მათ უთხრეს, რომ გარდაცვლილი სწორედ იქ უნდა დაასაფლავონ.

„რუსების წარმომადგენლები იყვნენ მისულები აჩიგვარაში მეზობლებთან და უთხრეს, აქ უნდა დაასაფლავოთო, მაგრამ როგორ იქნება არ ვიცი. ახლა, როგორც მაქვს ინფორმაცია, ლაბორატორიაშია ცხედარი, ალბათ ექსპერტიზაზე, თუმცა იქაური დასკვნა რამდენად ობიექტური იქნება, ვერ გეტყვით. წითელი ჯვარი, მთავრობა ჩართულია და თუ ცხედარს გადმოასვენებენ, ექპერტიზა მერე აქ უნდა ჩაუტარდეს“, - აღნიშნა ქობალიამ.

მისივე თქმით, გარდაცვალების მიზეზები ამ დროისთვის უცნობია, თუმცა ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე. რაც შეეხება დაზიანებებს, ქობალიამ გვითხრა, რომ ეს ერთ-ერთი ვერსია იყო, თუმცა დაუზუსტებელი და დადასტურებულად ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

„თვითმკვლელობაზე რა უნდა გითხრათ, დააკავეს და გადაიყვანეს და თვითმკველლობის ფაქტზე როგორ შეიძლება დადასტურებულად ვისაუბროთ“, - დასძინა რეზო ქობალიამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ საღამოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედ ცხელ ხაზზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულმა საქართველოს მოქალაქემ თავი მოიკლა.

ამავე თემაზე:

რეზო ქობალია: აფხაზეთში გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეს, სავარაუდოდ, დაზიანებებიც აღენიშნებოდა
Print