რეგიონი
გალის რაიონში ერთ დღეში 200 კილოგრამზე მეტი ფაროსანა ჩააბარეს (ფოტო,ვიდეო)
აფხაზეთში აზიური ფაროსანასთან ბრძოლის პირველი ეტაპი მიმდინარეობს. გალის რაიონის სოფელ მზიურში (შაშიკუარა) 14 მარტს გაიხსნა პუნქტი, სადაც მოსახლეობამ მექანიკური გზით შეგროვილი მავნებელი მწერი მიიტანა.

პროცესს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ. მათი თქმით, მსგავსი ღონისძიებები გალის გარდა, სხვა რაიონებშიც განხორციელდება. 

„გალ ტვ“ მიერ გავრცელებულ მასალაში ჩანს, თუ როგორ მოაქვს მოსახლეობას შეგროვილი მწერი პაკეტებით, ტომრებით და პლასტიკის ბოთლებით. მათივე ინფორმაციით 1 კილოგრამ მწერში მათ 1000 რუბლი გადაუხადეს. ერთი დღის განმავლობაში 212 კილოგრამი მავნებელი შეგროვდა, რომლის უტილიზაცია სპეციალურ ადგილას დღის ბოლოს განახორციელეს. აფხაზი სპეციალისტები თვლიან, რომ მავნებლის განადგურების ეს მეთოდი, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანია.

სოფლის მეურნეობის სამმართველოს ხელმძღვანელის თამაზ ცვიჟბას თქმით, გასულ წელს, მხოლოდ გალის რაიონში 2 ტონამდე მწერი შეაგროვეს. მოსახლეობას კი 2,5 მილიონი რუბლი გადაუხადეს. მისივე ცნობით, ამის შედეგად ფაროსანას პოპულაციის პროცესი 50 % - ით შემცირდა.

მანამდე, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, რომ მიმდინარე წელს მავნებელთან ბრძოლა შარშან შემოტანილი ქიმიკატებით გაგრძელდა. მისივე თქმით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით შეიქმნა სპეციალური კომისია, ხოლო მავნებლის მექანიკური შეგროვების დასაფინანსებლად, ბიუჯეტიდან 7 მილიონი რუბლი გამოიყო. მისივე ცნობით, ფაროსანას მექანიკური შეგროვება 4 მარტს დაიწყო და 30 აპრილამდე გაგრძელდება.


Print