სპორტი
„ათინათის“ ორგანიზებით ინოვაციური „მხიარული სტარტები“ გაიმართა (ვიდეო)
ასოციაცია „ათინათის“ პროექტის „დასავლეთ საქართველოში მცხოვრები დევნილების და აფხაზეთის ქართულენოვანი მოსახლეობის განათლებაზე და სოციალურ უფლებებზე ხელმისაწვდომობის ზრდა“ ფარგლებში ინოვაციური „მხიარული სტარტები“ ჩატარდა. 14 მარტს, ზუგდიდის მერიის სპორტულ დარბაზში მოწყობილ სპორტულ ღონისძიებაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მე-13 საბავშვო ბაღისა და რუხის საბავშვო ბაღის აღსაზრდელების მშობლებმა მიიღეს მონაწილეობა.

„ასოციაცია „ათინათი“ ახორციელებს საინტერესო ღონისძიებას, რომელშიც მიზნობრივი ბაღების მშობლები ერთმანეთს სპორტულ შეჯიბრში უპირისპირდებიან. ჩვენ დანიის ლტოლვილთა საბჭოსთან პარტნიორობით ვახორციელებთ პროექტს, რომლის დონორია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. პროექტის ფარგლებში „ათინათი“ ცდილობს აამაღლოს ბაღების პედაგოგების, დირექტორებისა და აღმზრდელების კომპეტენცია. მშობლების ჩართულობის გაზრდისთვის დავგეგმეთ სპორტული ღონისძიება. იმედი გვაქვს, სხვა ბაღებიც მოგვბაძავენ და მეტად გაიზრდება მშობლების ჩართულობა“, - აღნიშნა „ათინათის“ აღმასრულებელმა დირექტორმა რუსუდან ყალიჩავამ.

თავად ბაღის დირექტორებმა და მშობლებმა პროექტის სიკეთეებზე ისაუბრეს და ასოციაცია „ათინათს“ მადლობა გადაუხადეს.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ლტოლვილთა დანიის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით.

ორგანიზატორებმა ზუგდიდის მერიასა და სპორტული დარბაზის ხელმძღვანელობას ღონისძიების დარბაზით უზრუნველყოფისთვის მადლობა გადაუხადეს.



Print