რეგიონი
ხაიშელები ვიდეომიმართვაში ხუდონჰესის პროექტის სამუდამოდ შეჩერებას ითხოვენ (ვიდეო)
ხაიშის თემის მოსახლეობა ხუდონჰესის პროექტის სამუდამო გაჩერებას მოითხოვს და მიმართვას ავრცელებს. შესაბამისი ვიდეო მათ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნეს. ხაიშელები ხელისუფლებას, საპატრიარქოს, არასამთავრობო სექტორს, სახალხო დამცველს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსსა და პრეზიდენტს მიმართავენ და საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მათ მხარი დაუჭირონ.

„ხუდონჰესი არის აბსოლუტურად წამგებიანი პროექტი, ქმნის ეკოლოგიურ პრობლემებს, საფრთხის შემცველია სტრატეგიული და სეისმური მიმართულებით. მომგებიანიც რომ იყოს, თითოეული ანთებული ნათურა ღირს, რომ გაქრეს სვანეთი როგორც თვითმყოფადი კუთხე? ჩვენ ვითხოვთ, კანონის ძალით დასრულდეს ხუდონჰესის პროექტი, შეისწავლონ ჰესების პროექტების ავკარგიანობა, დაუბრუნდეს ხაიშს 2011 წელს უკანონოდ გასხვისებული მიწები, რომელიც გადაეცა „ტრანს-ელექტრიკჯორჯიას“, ასევე, საზოგადოებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკითხები გადაწყდეს რეფერენდუმის ან პლებისციტის გზით“, - აცხადებენ ხაიშელები.

აღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი აქციებს აანონსებენ.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე ტექნიკა მუშაობს, რომელიც ადგილობრივების მტკიცებით, ბეტონის კაშხლის მდგრადობას ამოწმებს.

2017 წელს "ხუდონჰესის" ინვესტორი კომპანია "ტრანს ელექტრიკას" ტექნიკურმა დირექტორმა დავით მირცხულავამ გააკეთა განცხადება, რომ პროექტი იმ დროისთვის გაჩერებული იყო. მოგვიანებით, ენერგეტიკის მაშინდელმა მინისტრმა კახა კალაძემ აღნიშნა, რომ პროექტი განხორციელდებოდა. რამდენიმე თვის წინ კი ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამაც განაცხადა, რომ ხუდონჰესი აშენდება.

ხაიშელებმა ხუდონჰესის მშენებლობა პერიოდულად არაერთხელ გააპროტესტეს.

ვიდეო: სვანეთის ხაიში(ფეისბუქ გვერდი)
Print