რეგიონი
ფოთის მერია: გამოძიება მალთაყვის რეაბილიტაციის პროექტის დოკუმენტაციით დაინტერესდა
ფოთის მერიაში აცხადებენ, რომ ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახური ფოთში, 2015-2017 წლებში მალთაყვის რეაბილიტაციის პროექტის ფინანსური დოკუმენტაციითაა დაინტერესებული.
მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ შეუსრულებლობის გამო ფოთის მერიამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყვიტა და საქმე სასამართლოშია.

თავის მხრივ, კომპანია "ანტ სტროი ლტდ 2016"-ის დირექტორი გიორგი ჟვანია ამბობს, რომ ხელშეკრულება მერიამ უსაფუძვლოდ გაწყვიტა. ჟვანიამ რადიო "ათინათს" უთხრა, რომ პროექტსა და ხელშეკრულებას შორის არაერთი შეუსაბამობა იყო და გარკვეული სამუშოების შესრულება სწორედ ამიტომ ვერ მოახერხეს.

"პროექტი და ხარჯთაღრიცხვა, ასევე ხელშეკრულება არ ემთხვეოდა ერთმანეთს, არაერთხელ მივწერეთ წერილი მერიას, რომ გამოესწორებინათ ეს ხარვეზები, მაგრამ საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ იანვარში გაწყვიტეს ხელშეკრულება.  საფუძვლიანი რომ იყოს, ჯარიმებსაც დაგვაკისრებდნენ, მაგრამ არ დაუკისრებიათ. მე უკვე გამომკითხა გამოძიებამ. კითხვები კი მხოლოდ ამ კონკრეტულ მალთაყვის პროექტს შეეხებოდა, სხვა არაფერი უკითხავთ", - აღნიშნა ჟვანიამ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყებამ გუშინ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, შესწავლის მიზნით, 2015 - 2017 წლებში სხვადასხვა კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების ამსახველი დოკუმენტაცია ამოიღო, თუმცა სხვა დეტალებს არ აკონკრეტებენ.


Print