ახალი ამბები
სადგურის მიმდებარედ, ქუჯის ქუჩაზე მიკროავტობუსების და ავტობუსების დგომა აიკრძალება
სადგურის მიმდებარედ, ქუჯის ქუჩაზე მიკროავტობუსებისა და ავტობუსების დგომის ამკრძალავი ნიშნები განთავსდება. შესაბამისი გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს. გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბათლომე შელიამ. მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ბიზნესწილების გადანაწილების პრობლემაა, რაშიც ტრანსპორტის სამსახურიცაა ჩართული.

„უნდობლობა მაქვს ამ სამსახურის მიმართ და ამ ბიზნეს კონფლიქტებში ჩართვა არ მსურს. როცა ტრანსპორტის სამსახური სხვა პრობლემებზე არ რეაგირებს და აინტერესებს მხოლოდ ის ადგილი, სადაც მეტი ფინანსური „ნაჭერია“, არ ვაპირებ ამაში მონაწილეობა მივიღო“, - განმარტა შელიამ.

თავის მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მას უპასუხა, რომ თუ რამე კონკრეტული ფაქტის შესახებ იცის, მათ შეატყობინოს.

"თუ იცით რამე კონკრეტული, მოვიწვიოთ შესაბამისი სამსახურის უფროსი და გარწმუნებთ, არ დარჩება რეაგირების გარეშე“, - თქვა ბესიკ ჭეჟიამ.

თავმჯდომარის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ საკრებულომ ამ თხოვნით მერიას მიმართა და გადაწყვეტილების შემდეგ, გზის სავალი ნაწილი გათავისუფლდება.



Print