ახალი ამბები
თემურ ნადარაია ამბობს, რომ ხმები მისი ცემის შესახებ „ზღაპარია“
გალის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მედიაში და სოციალურ ქსელში მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. „სპუტნიკთან“ ინტერვიუში მან აღნიშნა რომ ქართული მედიასაშუალებებისა და აფხაზი ანონიმების მიერ გავრცელებული ცნობები სიმართლეს არ შეესაბამება.

„იყო ცნობილი მეზღაპრე ჰანს ქრისტიან ანდერსენი, ვფიქრობ გავრცელებული ხმები უფრო მის რეპერტუარს ჰგავს, რადგან იმაში რაც ითქვა, არცერთი სიტყვა არ შეესაბამება სიმართლეს. ეს გებელსის პროპაგანდას ჰგავს, აფხაზეთის მთავარ მტრად საქართველო რჩება, ეს ადამიანები მუდმივად ეწევიან არა მარტო სახელმწიფოს, არამედ აფხაზეთის ცალკეული მოხელის და პოლიტიკური მოღვაწის დისკრედიტაციას “, - უთხრა ნადარაიამ გამოცემას.

მისივე თქმით, ის შვებულებაში ყირიმში იმყოფებოდა სამკურნალოდ, რადგან ომის დროს მიღებულმა ჭრილობებმა შეახსენეს თავი. ახლა კი თავს კარგად გრძნობს და მზადაა მუშაობას შეუდგეს.

ამ ინფორმაციას ჯერჯერობით მხოლოდ „სპუტნიკ აბხაზიი“ ავრცელებს, აფხაზური მედია ამ პერიოდის განმავლობაში არ გამოხმაურებია გავრცელებულ ხმებს თემურ ნადარაიას შესახებ.

მანამდე „ნიუპოსტმა“ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თემურ ნადარაიას სოხუმში ფიზიკურად გაუსწორდნენ და ის ამჟამად რუსეთში მკურნალობს. ინფორმაცია გამოცემა DFWatch-ს დე ფაქტო ადმინისტრაციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა დაუდასტურა და დააზუსტა, რომ ნადარაია სამკურნალოდ პეტერბურგშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა მძიმეა და მეტყველება უჭირს.


Print