ახალი ამბები
სამხარეო ადმინისტრაციაში თენგიზ ჯგუშიას განცხადებას პასუხობენ
სამხარეო ადმინისტრაციაში თენგიზ ჯგუშიას იმ  განცხადებას ეხმაურებიან, რომელშიც ის ზუგდიდის მერობის არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე საუბრობს. მათი თქმით, თხილის დაცვის სახელმწიფო პროგრამა, ჯერ კიდევ გასულ წელს დაიგეგმა, როდესაც სახელმწიფო რწმუნებულმა მოსახლეობასთან ,,კარდაკარის“ პრინციპით თხილის მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია წამოიწყო. ამავე ინფორმაციით, ეს პროგრამა ზუგდიდის გარდა, სამეგრელოს, გურიის, იმერეთისა და აჭარის რეგიონის ყველა იმ მუნიციპალიტეტში ხორციელდება, სადაც თხილის კულტურა მოჰყავთ.

„სწორედ ეს პროგრამა აძლევს ფერმერთა ჯგუფს საშუალებას ისარგებლონ მაღალი ხარისხის შესაწამლი აპარატით, აგრონომის მომსახურებით და სხვადასხვა პრეპარატებთან წვდომით. თხილის დაცვის პროგრამას ,,საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია“ - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დახმარებით ახორციელებს. რაც შეეხება აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებებს, რომელიც ცალკე პროგრამაა და მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი ახორციელებს, უკვე მეორე წელია მსგავს სამუშაოებს აწარმოებს და მისი დაკავშირება არჩევნებთან მხოლოდ სიცრუის ტირაჟირებას წარმოადგენს. კიდევ ერთი ტყუილი, რაც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ითქვა, შეეხება ,,საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციას“ (რომელიც თხილის დაცვის პროგრამას ახორციელებს), თენგიზ ჯგუშია ამბობს, რომ ის თითქოს ალექსანდრე მოწერელიას ბიზნესია, რეალურად ამ ასოციაციაში სახელმწიფო რწმუნებულს არასდროს უმუშავია. მეტი სიზუსტისთვის, ალექსანდრე მოწერელიას „საქართველოს თხილის გადამმუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციაში“ გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა“, - აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.

„სამეგრელოს ხმის" ლიდერი თენგიზ ჯგუშია ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ზუგდიდის მერობის არჩევნების გასაყალბებლად ემზადება. მისი მტკიცებით, სავარაუდო გაყალბების მცდელობაში ჩართულია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია. ამისთვის ის, ჯგუშიას ინფორმაციით, მეთხილეთა ასოციაციას  და ფაროსანას პროგრამას იყენებს.

ამავე თემაზე:

თენგიზ ჯგუშია: ფაროსანას პროგრამა და მეთხილეთა ასოციაცია ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობაა
Print