ახალი ამბები
მაია ცქიტიშვილი: ანაკლიის პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულების ვადამ, შესაძლოა, გადაიწიოს
ვიცე-პრემიერის, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, შესაძლოა, ანაკლიის პორტის პირველი ფაზის დასრულების ვადამ გადაიწიოს. მისი თქმით, ეს ფინანსურ საკითხებს უკავშირდება.

"ბოლო ინფორმაციით, რაც ჩვენ გვაქვს კონსორციუმიდან, ძირითადი სამუშაოების დაწყება დაგეგმილი იყო 2 აპრილს, თუმცა ვიცით, რომ დეტალური პროექტირება ჯერ კიდევ დაახლოებით 60%-ით არის შესრულებული, არ არის მოზიდული დაფინანსება და აქედან გამომდინარე ეს ვადებიც, სამწუხაროდ, ნაკლებად რეალურია. პირველი გემის შემოსვლა დაგეგმილი აქვს კონსურციუმს და გრაფიკითიაც გვაქვს გათვალისწინებული 2020 წლის ივლისში, პირველი ფაზის დასრულება კი იგეგმება 2020 წლის 20 ნოემბრისთვის. სამწუხაროდ, იმის გათვალისწინებით, რომ დაფინანსება ამ პროექტს ჯერ არ აქვს, სავარაუდოდ ეს ვადებიც იქნება დარღვეული და გადაწეული“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით პლენარულ სხდომაზე.

თავის მხრივ, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ სამშენებლო სამუშაო არ შეჩერებულა. რაც შეეხება ვადებს, ხაზარაძე განმარტავს, რომ მხოლოდ ფინანსური დახურვის საკითხი გადაიდო.

"ჩვენ სამშენებლო პროცესი არ გაგვიჩერებია არც ერთი წამით. არც ერთი დღით და საათით მშენებლობა არ გადადებულა. გადაიდო ფინანსური დახურვის საკითხი, რომელიც 8 პუნქტის შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუმცა ფინანსური დახურვის საკითხი ხელს არ უშლის მშენებლობის ვადის გადაწევას. ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ მოილაპარაკებს სახელმწიფო ჩვენს დამფინანსებელ ბანკებთან,", - განაცხადა ხაზარაძემ.

უფრო ადრე მან განმარტა, რომ 2016 წელს საქართველოს მთავრობასა და კონსორციუმს შორის დადებულ ხელშეკრულებაში არის 8 პუნქტი, რომელიც დამფინანსებლებისთვის მიუღებელია და ახლა მათ სწორედ ამ პუნქტების შეცვლის მოთხოვნა აქვთ მათ.

Print