რეგიონი
რუსი სამხედროების მიერ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს ორწლიანი პატიმრობა შეეფარდათ
საქართველოს ორი მოქალაქე, რომელიც რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს, სასჯელს დრანდის ციხეში იხდის. მათ სოხუმის ე.წ. სასამართლომ ორწლიანი პატიმრობა შეუფარდა. ერთ-ერთი დაკავებულის, ფახულანის მკვიდრის მამუკა კუკავას ახლობლის ინფორმაციით, გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, თებერვალში მიიღეს.

"თვითონ მამუკა შემეხმიანა და მითხრა, ორი წელი მომისაჯესო. როგორც ვიცი, მეორე დაკავებული, გულორდავაც მასთანაა", - უთხრა რადიო "ათინათს" დათა კუკავამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებენ.

გალის რაიონში ადმინისტრაციული საზღვრის "უკანონო" გადაკვეთისთვის საქართველოს ორი მოქალაქე - 1979 წელს დაბადებული მამუკა კუკავა და 1986 წელს დაბადებული გოჩა გულორდავა 2019 წლის დასაწყისში დააკავეს.



Print