ახალი ამბები
ზუგდიდის მერიამ მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში გადასაყვანად ტენდერი გამოაცხადა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ უპატრონო და მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის მომსახურებაზე, თითქმის, 30 ათასი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ძაღლების იზოლირება ჰუმანური და უმტკივნეულო მეთოდით (ლასოთი/ბადით) და ცხოველთა თავშესაფარში გადაყვანა. თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესაბამისი გამოკვლევების შემდგომ მათი დამუშავება ჭიებზე, ბაქტერიებზე, პარაზიტებზე, სტერილიზაცია/კასტრაცია, ვაქცინაცია, იდენტიფიკაცია.

ასევე, კომპანიამ ყველა საჭირო პროცედურის შესრულების შემდგომ ცხოველები ბუნებრივ არეალში უნდა დააბრუნოს, ცხოველები უნდა განათავსონ საკარანტინე და შემდგომ იზოლირების ვოლიერებში, ამასთან, უნდა უზრუნველყონ ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე, უკურნებელი სენით დაავადებული ან სიკვდილის წინა სტადიაში (სიცოცხლესთან შეუთავსებელ მდგომარეობაში) მყოფი დაავადებული ცხოველის ევთანაზია და ცხოველთა ბიოთერმულ სამარხში გადაყვანა.

ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საუბარია 461 ძაღლის გადაყვანაზე. მომსახურება კომპანიამ თვეში ორჯერ, 2019 წლის 31 დეკემბერის ჩათვლით უნდა უზრუნველყოს.

ტენდერში წინადადებების მიღება 27-დან 29 მარტის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

მიმდინარე წლის 4 თებერვალს ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაია რადიო "ათინათის" ეთერში თქვა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის სამეგრელოში 2019 წელს ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობაა დაგეგმილი.




Print