ახალი ამბები
აფხაზეთში რუსეთის „საელჩო“ მოქალაქის მიერ რუსული პასპორტის დაწვას გამოეხმაურა
„აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის საელჩო“ კომენტარს აკეთებს ფეისბუქში გამოქვეყნებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელზეც თურქეთში მყოფი „აფხაზეთის მოქალაქე“ ბესლან ჭკადუა რუსულ პასპორტს წვავს.

„ჭკადუას საქციელი, პირველ რიგში, შეურაცხყოფს თავად მას, როგორც რუსეთის მოქალაქეს, რადგან მნიშვნელოვნად ართულებს მის შემდგომ გადაადგილებას და სამართლებრივ სტატუსს. ჩვენ განვიხილავთ ბ. ჭკადუას ქმედებას, როგორც მავნებლურს საკუთარი თავის მიმართ“, - განუცხადეს „აფსნი ლაიფს„ უწყებაში.

მათივე განმარტებით, ფეისბუქის საკუთარ პროფილზე ჭკადუას მიერ მეორედ გამოქვეყნებულ ვიდეოში ის საჯაროდ აცხადებს, რომ პასპორტის დაწვით მას „არცერთი სახელმწიფოსთვის შეურაცხყოფის მიყენება არ სურდა“, რაც, მათი თქმით, სავარაუდოდ, მის მიმართ გამოთქმულ ნეგატიურ კომენტარებს მოჰყვა.

აფხაზეთში რუსეთის „საელჩოს“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფეისბუქზე მითითებულ პიროვნებას „აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის საელჩოში პასპორტი არ აუღია. ამასთან, აღნიშნულ ფაქტს გაითვალისწინებენ იმ შემთხვევაშიც, თუ ბესლან ჭკადუა პირადობის მოწმობის აღსადგენად რუსეთის დიპლომატიურ და საკონსულო განყოფილებებს მიმართავს“.

Print