ახალი ამბები
ყოფილი საჯარო მოხელე ზუგდიდის მერიას პროკურატურაში უჩივის
გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილმა უფროსმა მაია ღურწკაიამ ზუგდიდის მერიას პროკურატურაში უჩივლა. მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება სასამართლოს იმ განჩინებას არ ასრულებს, რომლის თანახმადაც, ღურწკაიას მტკიცებით, ის ყოფილ თანამდებობაზე უნდა აღედგინათ.  მან სარჩელი ზუგდიდის რაიონულ პროკურატურაში გუშინ შეიტანა. ყოფილმა საჯარო მოხელემ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ მერია თანამდებობას სხვა მუნიციპალიტეტში სთავაზობდა,  თუმცა ის ალტერნატიულ წინადადებაზე თანახმა არ არის და სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებს.

„გუშინ შევიტანე მე პროკურატურაში სარჩელი, რადგან მერიისგან მომივიდა პასუხი, რომ ისინი ჩემს თანამდებობაზე აღდგენაზე უარს ამბობენ. აქ იკვეთება დანაშაულის ნიშნები, რადგანაც მერია უგულებელყოფს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას. მერიისგან მივიღე შემოთავაზება, ან ამეღო განაცდური და სხვა მუნიციპალიტეტში მემუშავა, არ ვეთანხმები ამ წინადადებას. მერიამ ჩარიცხა განაცდური და საჯარო სამსახურის ბაზაში ვარ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქ აღდგა ჩემი უფლებები. სამივე ინსტანციის სასამართლომ ჩათვალა არასწორად და უსამართლოდ ჩემი თანამდებობიდან  გათავისუფლება და მე უკვე უნდა ვიყო ჩემს თანამდებობაზე. რაც შეეხება ჩემს ადგილნაცვალ პირს, რომელიც დაბარებული იყო სასამართლოზე, როგორც მესამე პირები ვალდებული იყო დაეტოვებინა თანამდებობა. სააპელაციო სასამართლომ გააფრთხილა, რომ ჩემი პროცესის მოგების შემთხვევაში ის თანამდებობას დაკარგავდა, თუმცა ამას მერია ჯიუტად არ ასრულებს, სწორედ ამაში არის დანაშაულის ნიშნები“, - ამბობს ღურწკაია.

ზუგდიდის მერიაში განმარტავენ, რომ ღურწკაია ჩარიცხულია საჯარო მოხელეთა რეზერვში და მას უფლება აქვს მიიღოს მონაწილეობა საჯარო სამსახურის სისტემაში გამოცხადებულ ყველა დახურულ კონკურსში. მერიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის ირაკლი ამანათიძის თქმით, ყველა ღონისძიება ჩატარებულია კანონის სრული დაცვით და მაია ღურწკაიას სასარგებლოდ.

„სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ მან უნდა გაიაროს ატესტაცია და ხელახლა უნდა შეფასდეს, თუმცა კანონში შევიდა ცვლილება და ატესტაცია გაუქმდა. აქედან გამომდინარე ჩვენ მის სასარგებლოდ მივიღეთ გადაწყვეტილება. საჯარო სამსახურის ბიუროს ჩართულობით დაიწყო პროცესი მისი ტოლფასი თანამდებობის მოძიების ანუ მობილობის პროცესი. გამომდინარე იქიდან, რომ  ვერ მოიძებნა ტოლფასი ვაკანტური თანამდებობა, ის ჩაირიცხა საჯარო მოხელეთა რეზერვში. სასმართლო გადაწყვეტილების მიღების დროს მოქმედებდა ძველი კანონი, რომელიც ითვალისწინებდა თუნდაც იმ მოხელის გათავისუფლებას , რომელიც კონკურსის წესით იყო დანიშნული. რაც ნიშნავს იმას, რომ ერთის უფლებების აღდგენით, მეორეს უფლება ირღვეოდა“, - ამბობს ამანათიძე.

პროკურატურაში აცახდებენ, რომ საკითხს შეისწავლიან და დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში სამართლებრივ ზომებს მიიღებენ.

ამავე თემაზე:


ყოფილი საჯარო მოხელეები სამსახურში აღდგენასა და მოქმედი თანამდებობის პირების გათავისუფლებას ითხოვენ (ვიდეო)

Print