პოლიტიკა
ზუგდიდის მერობისთვის სანდრა რულოვსი იბრძოლებს
ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" კანდიდატი სანდრა რულოვსი იქნება. ამის შესახებ დღეს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

"ვარ ძალიან მონდომებული, რომ მოვიპოვოთ მთელი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა, რათა ზუგდიდი იყოს პატიოსანი კუნძული, სადაც შეიძლება დაიწყოს ცვლილებები. მსურს, რომ ამ ხალხზე აღმასრულებელ რგოლში დავიწყო ზრუნვა. მე ზუგდიდში გადავალ საცხოვრებლად, ზუგდიდი იქნება ჩემი საცხოვრებელი ქალაქი. დარწმუნებული ვარ, როგორც 2016-ში, ახლაც მხარდაჭერა მექნება", - განაცხადა რულოვსმა.

სანდრა რულოვსი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ენმ-დან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის იყრიდა კენჭს, თუმცა მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა. მაშინ რულოვსმა განაცხადა, რომ არჩევნები გაყალბებული იყო და გადაწყვეტილებაც ამით ახსნა.

ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარე წლის მაისში გაიმართება.







Print