ახალი ამბები
ლაშა გოგიას ცოლი ოჯახის უსაფრთხოებას ითხოვს
ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას ცოლი ნანა თოდუა აცხადებს, რომ მისი მეუღლე და ოჯახი საფრთხეშია. ის კონკრეტული ფაქტების დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ ლაშა გოგიასგან ციხიდან წერილი მიიღო, რომლის შინაარსს არ ასაჯაროვებს, მაგრამ აცხადებს, რომ ის ანდერძს ჰგავდა.

"ბევრი ხანი ვიყავით ჩუმად. ახლა აივსო მოთმინების ფიალა. სიმართლის დასამტკიცებლად ბრძოლას ჩვენ ვაგრძელებთ და გაჩუმებას არ ვაპირებთ. ვფიქრობ, რომ საფრთხე გვემუქრება ყველას - ლაშასაც და ჩემს შვილებსაც, იმედია, მათ თმის ღერიც არ ჩამოუვარდებათ. ლაშასგან მივიღე წერილი. არ მინდა შინაარსზე ვისაუბრო, თუმცა ეს გავდა ანდერძს. იწერება, "მე თუ რამე მომივიდა" და არ გავაგრძელებ... რას უნდა ნიშნავდეს, თუ არა საფრთხეს. არის გარკვეული ფაქტებიც, რომლის დასახელებისგან თავს შევიკავებ. ზეწოლა არის პატიმარზე. მე მოვუწოდებ ყველას, რომ გამოიძიონ ყველაფერი სამართლიანად და ობიექტურად, ასევე ვითხოვ უსაფრთხოებას. გამოიძიონ, რა ფული გვაქვს ჩვენ ახლა და რა გვქონდა ადრეც", - უთხრა მან რადიო "ათინათს".

გარდა ამისა, ყოფილი მერის მეუღლე გოგიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ზუგდიდის მაჟორიტარს ედიშერ თოლორაიას უკავშირებს.

თოდუამ რამდენიმე წუთის წინ ფეისბუქის გვერდზე პოსტიც გამოაქვეყნა , რომელშიც ის ოჯახის უსაფრთხოებას ითხოვს და სავარაუდო საფრთხეებზე საუბრობს და თოლორაიასა და ბიზნესმენ კვირკვიას მისი ოჯახის მიმართ პროვოკაციებში ადანაშაულებს.


რადიო "ათინათი" ედიშერ თოლორაიასთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა მას მობილური ტელეფონი გამორთული აქვს. 

ზუგდიდის ყოფილ მერს ლაშა გოგიას გამოძიება ჯგუფურად დიდი რაოდენობით ქრთამის აღებას ედავება. მისი და მასთან ერთად დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. 



ამავე თემაზე:

ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართეს


Print