რეგიონი
გაეროში კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტი რუსული ოკუპაციის შედეგად შეაფასეს
საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელის ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, გაეროში, ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე ოკუპირებულ გალში დაღუპული ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ ისაუბრეს. მისივე თქმით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული რთული ვითარება დაგმეს პარტნიორებმა, სადაც ქართულმა მხარემ წარადგინა რეზოლუცია „თანამშრომლობა საქართველოსთან“.

„საბჭოს გენერალურ დებატებზე მნიშვნელოვანი იყო ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საკითხის დაყენება დიდი ბრიტანეთის, ლიეტუვას და ესტონეთის მხრიდან. აღინიშნა, რომ კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტი წარმოადგენს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შედეგს და მოითხოვს საერთაშორისო თანამეგობრობის სათანადო რეაგირებას", - განაცხადა კონსტანტინიდმა.

ოკუპირებულ აფხაზეთში 11 მარტს, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 28 წლის ირაკლი კვარაცხელია საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 13 მარტს გადმოასვენეს. მას ექსპერტიზა თბილისში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდა. სწორედ ამის შემდეგ გადმოასვენეს მისი ცხედარი სენაკში, დევნილთა დასახლებაში, სადაც კვარაცხელია გარკვეული ხნის განმავლობაში ცხოვრობდა. კვარაცხელია 17 მარტს სენაკში დაკრძალეს.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ვერსიით, საქართველოს მოქალაქემ თავი მოიკლა. ამ ვერსიის არ სჯერათ გარდაცვლილის ახლობლებს და ამბობენ, რომ მას სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. ქვეყნის ოფიციალურ უწყებებში კი აცხადებენ, რომ გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენა მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნა დაიდება.

ამავე თემაზე:

ოკუპირებულ გალში გარდაცვლილის ძმა: ყოველთვის გავიმეორებ, რომ ჩემს ძმას თავი არ მოუკლავს
Print