ახალი ამბები
სამეგრელო -ზემო სვანეთში მომუშავე სოციალური მუშაკები მეორე დღეა გაფიცულები არიან
ხელფასების გაზრდის და ბენეფიციარებისთვის სხვადასხვა სერვისის უზრუნველყოფის მოთხოვნით სოციალური მომსახურების სამეგრელო-ზემო სვანეთის სააგენტოს სოციალური მუშაკები გაფიცვას აგრძელებენ. ისინი აცხადებენ, რომ მუშაობის გაგრძელებას მანამ არ აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნები ნაწილობრივ მაინც არ შესრულდება. სააგენტოს უფროსი სოციალური მუშაკის ქეთევან ხუბუტიას თქმით, ისინი უკვე მეორე დღეა გაფიცულები არიან. მისივე ინფორმაციით, სოციალურმა მუშაკებმა მუშაობა ქვეყნის მასშტაბით შეწყვიტეს.

„გავიფიცეთ იმიტომ, რომ ჩვენს ბენეფიციარებს ბავშვებს, ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ვერ ვაწვდით იმ სერვისებს, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მათ შორის ვითხოვთ ხელფასების გაზრდას, ტრანსპორტით უზრუნველყოფას. ჩვენ გვიწევს, რომ ჩვენი ხელფასიდან ვიხადოთ ტრანსპორტის თანხა. გუშინ ჩვენ შევუერთდით თბილისში გამართულ აქციას. აქცია იგეგმება დღესაც“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ქეთევან ხუბუტიამ.

მუშაკების გაფიცვასთან დაკავშირებით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ განცხადება გუშინ გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სამინისტრო უზრუნველყოფს იმ სოციალური სერვისების უწყვეტ რეჟიმში შეფერხებების გარეშე მიწოდებას, რომელსაც სოციალური სამუშაო ითვალისწინებს და სოციალური მუშაკი ახორციელებს.

„ჩვენ სრულად, მთელი საქართველოს მასშტაბით, უზრუნველვყოფთ სახელმწიფო ზრუნვის საჭიროების მქონე პირთა მომსახურებას და ასევე ძალადობის შემთხვევების ეფექტიან მართვას.სამინისტროს ჩამოყალიბებული აქვს კონკრეტული სამუშაო გეგმა, საშუალო ვადიანი და ხანგრძლივ ვადიანი ინტერვენციების მიმართულებით. ეს ყოველივე შეიცავს რამდენიმე პუნქტს, რომლიდანაც ნაწილი უკვე შესრულებულია, ნაწილზე ახლაც მიმდინარეობს მუშაობა და რამდენიმე კვირაში იქნება განხორციელებული. ასევე არის საკითხები, რომელთა განხორციელება შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაშია შესაძლებელი. როგორც ამ გეგმის შემუშავებაში, ასევე იმპლემენტაციაში ჩართული არიან როგორც ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე მისი ერთ-ერთი განმახორციელებელი უწყება სოციალური მომსახურების სააგენტო. ასევე დამატებით შექმნილი არის მართვისა და კოორდინაციის ინსტრუმენტი, სპეციალური საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს მინისტრი და რომლის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ სოციალური მუშაკები.ამ დრომდე სოციალურ მუშაკებთან ხორციელდებოდა შეხვედრები სამუშაო ფორმატში, რომელშიც მონაწილეობდნენ ჯანდაცვის მინისტრი, მინისტრის მოადგილე, სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობა, სოციალური მუშაკები და სპეციალურად ამ საქმეში ჩართული შრომითი დავების მედიატორი. სოციალური მუშაკების მიერ წარმოდგენილი საკითხებიდან, როგორც უკვე მოგახსენეთ, საგრძნობი ნაწილი უკვე შესრულებულია, ნაწილზე არის რეალისტური სამოქმედო გეგმა, ხოლო ნაწილს სჭირდება გარკვეულ პერიოდში გადაწყვეტა. როგორც ჩანს, ეს მიუღებელია სოციალური მუშაკების ნაწილისთვის და მათ გადაწყვიტეს გაფიცვა, რაც მათი სამოქალაქო უფლებაა, თუმცა ამით სოციალური სამუშაოს განხორციელებას საფრთხე არ შეექმნება, რადგან დღეიდან სამინისტრო გადაერთო უკვე წინასწარ მომზადებულ სამოქმედო გეგმაზე და ამ პროგრამის ბენეფიციარები არ დაზარალდებიან“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ.

სოციალურმა მუშაკებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გუშინ აქცია გამართეს.

ამავე თემაზე:
სამეგრელო-ზემო სვანეთში მომუშავე სოციალური მუშაკები გაიფიცნენ


Print