ახალი ამბები
მესტიის მერიას ააიპ-ის ყოფილი ხელმძღვანელებისთვის 14 400 ლარის ანაზღაურება დაეკისრა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მესტიის მერიიდან გათავისუფლებული მაია კახიანის და ნარგიზ ნიგურიანის  სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება უკანონოდ ცნო. ამის შესახებ რადიო "ათინათს" მაია კახიანმა უთხრა. მისივე ინფორმაციით, განაცდურის სახით მერიას ორივე გათავისუფლებული თანამშრომლისთვის  14 400 ლარის გადახდა დააკისრა.

„ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მერიის უკანონო გადაწყვეტილება მოსამართლემ ბათილად ცნო, თუმცა ჩვენ გვინდოდა, რომ ჩაწერილიყო ერთი საკითხი, რომ ჩვენი სამსახურიდან დათხოვნა იყო დისკრიმინაცია, რადგან ჩვენი გათავისუფლება არ მომხდარა რეორგანიზაციის შედეგად. მერიას დაევალა ორივე თანამშრომლისთვის 14 400 ლარის გადახდა, თუმცა აღდგენა არ წერია, რადგან ვაკანტური ადგილები ვერ მოიძებნა“, - ამბობს მაია კახიანი.

მესტიის მერიის ყოფილი თანამშრომლები დავის გაგრძელებას იმის დასამტკიცებლად აპირებენ, რომ მათი გათავისუფლება დისკრიმინაციული იყო.

მესტიის მუნიციპალიტეტის ორი ააიპ-ის ხელმძღვანელი და ერთ-ერთის თანამშრომელი პოსტებიდან გასული წელს გაუშვეს. ისინი მერს სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებენ. სახელოვნებო სკოლის ყოფილი დირექტორის მაია კახიანის და ააიპ კულტურის სამსახურის ყოფილი უფროსის ნარგიზ ნიგურიანისა თქმით ისინი პოსტებიდან იმის გამო გაუშვეს, რომ ჰესების საწინააღმდეგო აქციებზე გამოდიოდნენ და საკუთარ პოზიციას გამოხატავდნენ.

მათ საპასუხოდ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფდა მესტიის მუნიციპალიტეტის მერი. კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მათთვის ცნობილი იყო და ეს ჰესების საწინააღმდეგო აქციებს არ უკავშირდება. მერიის ინფორმაციით, მათი გათავისუფლება რეორგანიზაციას (სამი ააიპ-ის გაერთიანებას) უკავშირდებოდა. 

ამავე თემაზე:

სასამართლომ მესტიის მერიის ააიპ-ს ყოფილი თანამშრომლის სამსახურში აღდგენა დაავალა

Print