რეგიონი
სამეგრელოში მევენახეობა-მეღვინეობის რუკა შექმნეს
"კოლხური ვაზისა და ღვინის ასოციაციამ" სამეგრელოს მევენახეობა-მეღვინეობის რუკა დაამზადა. ასოციაციის ხელმძღვანელის მიხეილ ცირდავას ინფორმაციით, რუკა საორიენტაციო-სარეკომენდაციო ხასიათისაა და მასზე უძველესი ვაზის ჯიშების, მექვევრეობისა და მევენახეობის კერებია დატანილი.

„იდეა გუბერნატორთან შეხვედრისას დაიბადა. გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა საორიენტაციო-სარეკომენდაციო რუკა. აქ აღნიშნულია ყველა ის ჯიში, რომელიც შესწავლილია სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ, ამასთან, ჩვენ ბოლო სამი წლის განმავლობაში რაც აღმოვაჩინეთ. ყველა ის ადგილი და არეალია დატანილი, რომელიც დაკარგული იყო და ამ ეტაპზე მოვიძიეთ, მათ შორის, მექვევრეობის კერები. ეს რუკა არ არის საბოლოო და პირობითი ნიშნები ყოველწლიურად დაემატება განვითარების მიხედვით“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ცირდავამ.

ცირდავას თქმით, მეღვინეობა-მევენახეობის რუკა უფრო ადრე "ღვინის კლუბმა" შექმნა, თუმცა ის შინაარსობრივად აღნიშნული რუკისგან განსხვავდება.

მისივე თქმით, რუკის ინგლისური ვერსიის პრეზენტაციას აშშ-ში ოქტომბერში წარადგენს, სადაც უძველესი კოლხური ვაზის ჯიშის ღვინოების დეგუსტაცია გაიმართება და კოლხური ქალ-ღვთაების ქანდაკებას „კოლხიშ ნანას“ ჩაიტანს.

ამავე თემაზე:

მეღვინეობა, უძველესი კოლხური ვაზის ჯიშები და მათი მომავალი








Print