ახალი ამბები
ოკუპირებულ გალში კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ მინისტრი ევროსაბჭოს გენმდივანს ესაუბრა
ქეთევან ციხელაშვილი ევროსაბჭოს გენმდივანს შეხვდა, სადაც ისეთ საკითხებზე ისაუბრა, როგორიცაა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, საქართველოს მოქალაქის გაურკვეველ ვითარებაში დაღუპვის ფაქტი და მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა.

სამინისტროს ინფორმაციით, ტორბიორნ იაგლანდს სახელმწიფო მინისტრმა მადლობა კონსოლიდირებული ანგარიშისთვის გადაუხადა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ რეგულარულად გამოიცემა და უმნიშვნელოვანესია ამ პრობლემის შესახებ რეალური სურათის შესაქმნელად საერთაშორისო საზოგადოებისთვის.

,,ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება გაურკვეველ ვითარებაში და უკანონო პატიმრობისას რა თქმა უნდა არის ის მძიმე და ტრაგიკული შემთხვევა რომელიც ჩვენ გვქონდა ბოლო პერიოდში. ვისაუბრეთ ასევე წლის დასაწყისიდან ერთი თვის განმავლობაში აფხაზეთის, ხოლო 2 თვის განმავლობაში ცხინვალის მიმართულებით მოძრაობის ფაქტობრივად სრულ ჩაკეტვაზე, რამაც ძალიან შეუშალა ხელი მოსახლეობას, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები დაეკმაყოფილებინა. ვისაუბრეთ იმაზე, რომ ზოგადად მზარდი არის წნეხი ოკუპაციის პირობებში, განსაკუთრებით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობაზე, გალში და ახალგორში მცხოვრები ქართველების მიმართ კიდევ უფრო მეტი დისკრიმინაციული ზომები ტარდება და ამ ვითარებაში აუცილებელია საერთაშორისო ყურადღების მაქსიმალურად მობილიზება, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ის, რომ პირველი იყოს ინფორმაცია, მეორე ის, რომ ჩვენ გვქონდეს დღის წესრიგში საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების წვდომის საკითხი. მესამე ის, რომ გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები ერთის მხრივ რუსეთთან მიმართებაში დეოკუპაციის, ხოლო მეორეს მხრივ იგივე ხალხთა შორის კონტაქტების წახალისებისთვის.“-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

შეხვედრის დროს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე ,,ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და მისი განხორციელების გზებით დაინტერესდა. ოკუპირებულ რეგიონში არსებულ ვითარებას და ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში დაღუპვის ფაქტზე სახელმწიფო მინისტრი ასოცირების საბჭოს სხდომაზეც ისაუბრებს.

ამავე თემაზე:

გაეროში კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტი რუსული ოკუპაციის შედეგად შეაფასეს
Print