ახალი ამბები
ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკა აშენდება
პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, ზუგდიდში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკა აშენდება. ამის შესახებ მან დღეს ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ბიბლიოთეკას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ააშენებს.

„ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება. ჩემი თაოსნობით, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შექმნილია სახელმწიფო კომისია, რომელმაც იმსჯელა და გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის 80 წლისთავის აღსანიშნავად განხორციელდება სხვადასხვა ღონისძიება. საქართველოს ფოსტა ზვიად გამსახურდიას იუბილესთან დაკავშირებით გამოსცემს მარკა. განათლების სამინისტრო, შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდთან ერთად, ქართველოლოგიის განვითარებისთვის უცხოეთში მოღვაწე მეცნიერებისთვის დააწესებს ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიას, რომელიც გაიცემა ყოველწლიურად 31 მარტს. საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოეწყობა გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ზვიად გამსახურდიას ნაშრომები, ინტერვიუები, ფოტოები, წიგნები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

31 მარტს საქართველოს პირველ პრეზიდენტს 80 წელი შეუსრულდებოდა.

Print